კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს, გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, 14:00 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა. ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ. ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ ინფორმაციას, ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, დასტურდება. თუმცა, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და ვერც მომავალში მიაღწევენ” – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება.
“ცალკე და ხაზგასმით აღსანიშნავია მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში. ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია და მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. ამ მაღალ აქტივობაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს აგიტატორებს, რომლებსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო საარჩევნო უბნების მიმდებარედ ჩვენი აგიტატორების მუშაობა. აქაც ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ, ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს. გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკო-სგან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად, ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს. ასევე სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება, აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული განცხადებები, თითქოს ეს იყო გარკვეული კანონდარღვევა, ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება” – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს.
პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
წყარო: ptn.ge