ბათუმში კოვიდით „ქართული ოცნება” ე.წ. კარუსელს ატრიალებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სპეცუბანზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზეც ხმის მიცემის უფლებას აძლევენ.
„შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ „ქართული ოცნება” კოვიდ პანდემიას და ამისთვის შექმნილ სპეციალურ სიებს ე.წ. კარუსელისთვის იყენებს.
ბათუმის 45-ე, 84-ე, 71-ე და 98 უბნებში ხმა მისცეს იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც სპეციალურ სიაში არიან შესული.
„ქართული ოცნება” რას აკეთებს? ადამიანები, რომლებიც იცის, რომ თავისი მომხრეები არიან, მათ უფლებას აძლევს, რომ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცეს და საარჩევნო უბანზეც გამოცხადდეს.
ამასთან, ამომრჩეველს მე-17 უბნიდან მოწვევა მოუვიდა და ეცნობა, რომ ხმა უბანზე უნდა მისცეს, – აქ აღსანიშნავია, რომ იგი არასდროს თვითიზოლაციასა და კარანტინში არ ყოფილა. უბანში მისულს გამოუცხადეს, რომ კოვიდინფიცირებულია და ხმას ვერ მისცემდა.
მიგვაჩნია, რომ რადგან იგი „ქართული ოცნების” ამომრჩეველი არ არის, მიზანმიმართულად შეაფერხეს. მასთან სპეციალური გადასატანი ყუთიც არ მიუტანიათ და მოქალაქემ ვერ დააფიქსირა ხმა“,- აღნიშნა ქამადაძემ.
თავის მხრივ, მე-17 საარჩევნო უბანის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პარტიული ნიშნით მოქალაქე არ შეფერხებულა, იგი სპეციალურ სიაში იყო რეგისტრირებული და უბანზე ხმის მიცემის უფლებას ვერ მისცემდნენ.
„კორონავირუსის გამო, ყველა უბანს სპეციალური სია გადაეცა და ამისთვის ცალკე უბნები გაიხსნა. აღნიშნული მოქალაქე სპეცსიაში გატარებულია და მას უფლება ვერ მიეცემოდა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის”,- აღნიშნა მე-17 უბნის თავმჯდომარემ.