„ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია, ამიტომ მოდით ყველა უბნებზე და გავხდეთ დღევანდელი დიდი გამარჯვების თანამონაწილე” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დიდ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
„არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ ჩვენი ხმა შეგვეძლო შეგვეშველებინა დიდი დიდგორისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს იმართება და რაღაცის გამო ეს არ გავაკეთეთ. ყველა უბნებზე, მეგობრებო და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ.
მაღალი აქტივობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის მომავალზე, საკუთარ შვილებსა და საკუთარ ბედ-იღბალზე.
ეს მაჩვენებელი თუ 8 საათამდე შენარჩუნდება, მოხდება ის, რასაც „ჩუმის ნატვრითა ნატრობს ქართველი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
წყარო: ptn.ge