კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამჯერად – ფეხბურთის მოედანზე, რომ დასავლეთი სრულად გამოთაყვანდა, რუსეთში კი საზოგადოება ჯერ-ჯერობით მაინც ინარჩუნებს სულიერ სიჯანსაღეს.
ასე მაგალითად, ინგლისელმა გულშემატკივრებმა რასიზმში დასდეს ბრალი “კრასნოდარის” მოთამაშეებს. საქმე ისაა, რომ რუსული კლუბის მოთამაშეები არ აჰყვნენ იდიოტურ მოდას და, “ჩელსისთან” საკუთარ მოედანზე შეხვედრის წინ, არ დაიჩოქეს “Black Lives Matter”-ის აქციის ფარგლებში, ამერიკელი შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის “საპატივსაცემოდ”, რომელიც ამერიკისვე პოლიციას, პოლიციელთა უკანონო ქმედებების შედეგად, შემოაკვდა.
ქალაქ კრასნოდარში ჩასულმა ინგლისელმა ფეხბურთელებმა, მსაჯების თურქულ ბრიგადასთან ერთად, თამაშის წინ დაიჩოქეს. რუსული გუნდიდან მხოლოდ 4 უცხოელი ლეგიონერი (ჰოლანდიელი, ბრაზილიელი და ორი შვედი) დაეშვა მუხლებზე, მაგრამ არც ერთმა რუსმა ეს არ იკადრა (5 რუსის გარდა, არ დაიჩოქა ერთმა ბელორუსმა და ერთმა ეკვადორელმა). აი სწორედ ამის გამო წამოვიდა კრიტიკა, თითქოს რუსები “რასისტები” არიან.
ბრიტანელი გულშემატკივრების გარდა, რომლებმაც თავიანთი პროტესტი დასავლურსავე სოცქსელებში გადმოაფრქვიეს, სადაც განსხვავებული აზრი გულმოდგინედ იზღუდება, რუსებისადმი ცილისწამება, რომ ისინი რასისტულად აზროვნებენ, მასმედიამაც აიტაცა – ტირაჟიანმა გაზეთებმა “The Sun” და “The Daily Mail”-მა.
რუსული გუნდის დასაცავად ისევ რუსი სპორტსმენი, ბოქსში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნიკოლაი ვალუევი გამოვიდა, რომელმაც რუსულ სპორტულ გამოცემას “Sport24”-ს უთხრა: “მე არ მესმის, რა მოელანდათ, რომ მუხლებზე დგებიან? ესე იგი, მათ ბრბოს ფსიქოლოგია იზიდავთ. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ვინც მუხლებზე არ დადგა, მათზე ბრბოს ფსიქოლოგია არც მოქმედებს და ეს მისასალმებელია! ადამიანს აქვს თავისი აზრი და იგი თავის თავის ასოცირებას ამ ისტორიასთან არ ახდენს. რაც შეეხება იმას, დავუჭიროთ მხარი [ამ აქციას] თუ არა – ეს ცალკე აღებული რომელიღაც სახელმწიფოს ისტორიის პრობლემაა, რომელმაც მისი მთელ მსოფლიოზე პროეცირება გადაწყვიტა. რუსეთი ამ პროცესის მონაწილე არ გახლავთ. ეს ისტორია ჩვენ არ გვეხება, ჩვენ მრავალეროვნული სახელმწიფო ვართ, რომელიც ასეთ პრობლემებით არ სცოდავდა. იმ კოლონიურმა ქვეყნებმა, რომლებმაც რასიზმის პრობლემები გამოსცადეს, დაე თავად აირჩიონ, უნდა დადგნენ მუხლებზე თუ არა. რუსეთს ამასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია”.
აღსანიშნავია, რომ უეფამ ამ შემთხვევაში რუსეთის საწინააღმდეგოდ ვერაფერი თქვა. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციას არ აქვს მუხლებზე დგომა რასიზმთან ბრძოლის ოფიციალურ ჩამონათვალში შეტანილი, შესაბამისად, პრეტენზიები რუსული კლუბის მიმართ არ არსებობს.
ასევე შევახსენებთ მკითხველს, რომ 2018 წელს რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა და მსოფლიო საფეხბურთო ფედერაციას – ფიფას ერთი რასისტული მოტივირებით გაკეთებული დარღვევა, გადაცდომა ან მით უმეტეს, დანაშაული, არ დაუფიქსირებია.