ისტორიის სახელმძღვანელოები იდეოლოგიური ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს! საქართველოში, ისტორიის სწავლების თვალსაზრისით, როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში იდეოლოგიის გავლენას ვერ ავცდით.
არ შეიძლება საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში გერმანელი ფაშისტი ჯარისკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიონს იყო მომდგარი და საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდა, გაიგივდეს რუს ჯარისკაცთან, რომელმაც მსოფლიო «ყავისფერი ჭირისგან» იხსნა.
არ შეიძლება, გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელსაც 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს) ქართლ–კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ მოაწერა ხელი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად განვიხილოთ და ახალგაზრდა თაობასაც ასე გადავცეთ, რადგან ამ ტრაქტატის წყალობით ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთისა და ოსმალეთის გარდაუვალ აგრესიას და სრულ გადაშენებას.
აღსანიშნავია, რომ იმხანად, ანუ მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველოში სულ 300 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 250 ათასი _ ქართველი…
არც სსრკ–ის შემადგენლობაში 70-წლიანი ყოფნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური, რადგან ეს ხანა ქართველისთვის, სოციალურ–ეკონომიკური პირობების მხრივ, ერთ–ერთი საუკეთესო იყო ჩვენს ისტორიაში.
ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამ ფაქტების ამოღება, სიმართლის დამალვა და მხოლოდ უარყოფითი მხარეების აღწერა კარგს არაფერს მოუტანს მომავალ თაობას, რადგან სწორედ წარსულის ისტორიული ფაქტების გააანალიზებით არის შესაძლებელი წინსვლა, მომავლის შენება…
P.S. დიდი ილიას თქმით: «დავიწყება ისტორიისა, მომასწავებელია ერის სულით ხორცით მოშლისა და წარწყმედისა».
და კიდევ: «აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!»
“საქართველო და მსოფლიო”