,,ბოლოს და ბოლოს, ცხვრები ვართ, თუ ოდნავ მაინც ადამიანები?.. ბჰეეეეეეეე“

ზურა ოდილავაძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ეკრანის ასლს ავრცელებს:

ზურა ოდილავაძეს ცხოვრება და დროება
წლებია საკუთარ თავს ვეკითხები: ,,ბოლოს და ბოლოს, ცხვარი ვარ თუ ადამიანი?“
საქმე იმაში გახლავთ, რომ მე, როგორც ყველას ივერიაში, მყავს ბრძენი მწყემსი ,,ჩობანი“. ის განაგებს ჩემს ცხოვრებასა და ფიქრებს… ბატონმა ,,ჩობანმა“ ჩვენზე იზრუნა და მწყემსები დაგვინიშნა, ხოლო თავი ცხვრებად რომ არ ვიგრძნოთ, მათ ,,კოორდინატორები” უწოდა. ყველაფერს ისინი აღრიცხავენ: ფარის შემადგენლობას, გენდერულ ბალანსსა და საცოხნი ბალახის რაოდენობას.
კოორდინატორთა ელიტურ კასტაში მხოლოდ უზენაესი მწყემსის ერთგული ცხვრები იჩითებიან. თამამად შეიძლება ითქვას, ბატონი ,,ჩობანი“ შერყეულია კოორდინატორების გამრავლებაზე – ისინი ყველგან არიან! ჩვენ გვყავს: პრემიერ-ცხვარი კოორდინატორი, პარლამენტარ-ცხვრები კოორდინატორები, მინისტრ-ცხვრები კოორდინატორები, პოლიც-ცხვრები კოორდინატორები, ტელე-ცხვრები კოორდინატორები და მრავალი სხვა.
ყველა კოორდინატორს ერთი ზეამოცანა აერთიანებს! წელიწადში ერთხელ ისინი ატარებენ არჩევნებს და ჩვენც მწყემსად ბრძენ ,,ჩობანს“ ვირჩევთ. ყველა ამ დიად საქმეზე მუშაობს და მხოლოდ ამისთვის იღწვის. აი, ამაში მდგომარეობს კოორდინატორთა ფუნდამენტური როლი! ,,სუსის“ ერკემალთა უჩინარი ბრიგადები, კოორდინატორთა დივიზიებს აკონტროლებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვენ, რიგით ცხვრებს არჩევნებზე მიგვერეკებიან… დიახ, მიმიხვდით, უზენაესი მწყემსი რომ ავირჩიოთ… ასე რომ, ცხადია, ჩვენში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები თან თითქოს ტარდება, თან კი… ჩანაფიქრის სიღრმეს ვერ ჩავწვდი: ,,ყოველ წელს რატომ ვირჩევთ ,,ჩობანს“, ის ხომ ისედაც უზენაესი მწყემსია?“… არ ვიცი, ,,სუსის“ ყოჩებს, რას გაუგებ?..

მოკლედ, რომ ვთქვა, ,,ჩობანის“ კრედოა: ,,არა მხოლოდ თივითა იცოცხლებს ცხვარი, არამედ კოორდინატორებითა“… მათი საქმე კი ერთია – ჩვენი მწყემსვა… პრინციპში, მართალი რომ ვთქვათ, ჩვენ ცხვრებს ბევრი არაფერი მოგვეთხოვება – დუმილი და ცოხნა…
,,ჩობანი“ ყოვლისმომცველია და ყველგანშეღწევადი – ის ჩემშია და მე მასში… უფრო კი, ის ჩემში… ამ გამსჭვალვის გამო ლოცვაც თავისებური გვაქვს: ,,ჩობანო“ ჩვენო, რომელი ხარ შესული ჩვენში, კოორდინატორები შენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ გაყალბებანი შენნი, ვითარცა ჩვენ არ ვიმჩნევთ ცხვრობას ჩვენსას. კიკინ!“
დასასრულისთვის ერთიც უნდა ითქვას… ,,ჩობანშეღწეული“ დუმიანი ცხვრობა არ არის საბოლოო განაჩენი!.. იმედისმომცემია, რომ ,,ჩობანმაც“ ცვხორბით დაიწყო – ეს იყო დიდ რუსეთში… იმხანად ის ჯერ ხეშეშმატყლიანი ,,ჩობანა“ იყო… შემდეგ კი პატრონს უერთგულა და ისიც კოორდინატორად გაჩითეს… ბოლოს კი ისეთი ნდობა დაიმსახურა, რომ ივერიაში გამოუშვეს მთავარ კოორდინატორად… ასე რომ იმედი მაქვს – მეც როდისმე ნაზმატყლიანი ცხვარი გავხდები…
თუმცა, ის კითხვა მაინც არ მასვენებს და ტვინს მიბურღავს: ,,ბოლოს და ბოლოს, ცხვრები ვართ, თუ ოდნავ მაინც ადამიანები?.. ბჰეეეეეეეე“

P.S.
სადაც ცხვარი მრავლდება, იქ აუცილებლად მგელიც ჩნდება. მგელი კი მტაცებელია, რომელსაც სულ შია…

ზ.ო-ძეე. – 2020, ნოემბერი