აშშ-ის ყოფილი ელჩი ბაჰრეინის სამეფოში და ამჟამად, პოლიტიკური კონსულტანტი, „იმედის” ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.
„ეს ისტორიული არჩევნები იყო საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობით მიხევდით ჩატარდა, რომელიც მრავალპარტიულ წარმომადგენლობას ქმნის პარლამენტში. საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს არჩევნები უზარმაზარ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური სიმწიფის გზაზე“ – აცხადებს ადამ ერელი „იმედის” ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში.
„ჩატარებულ არჩევნებზე, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეუთოს მიერ გამოქვეყნებული, პირველადი მიგნებების მიხედვით, არჩევნები ძირითადად იყო თავისუფალი და სამართლიანი და მე ვფიქრობ, რომ მათ ამ განცხადებით არჩევნები თავისი ბეჭდით დაამტკიცეს. რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს შეშფოთების გარკვეული მიზეზები, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საზოგადოების მხრიდან ამ პროცესის მიმართ ნდობაზე, თუმცა ეს უნივერსალური პრობლემაა და ეს არ არის უნიკალური საქართველოსთვის. ცოტათი შემაშფოთებლად მეჩვენა ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით იმ დროს, როდესაც საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ არ იყო დახურული, და მათი მოწოდებები პროტესტისა და შედეგების უარყოფისკენ უმწიფარია და არ ემსახურება არც ქართველი ხალხისა და არც დემოკრატიის ინტერესებს. იმის მიუხედავად თუ რამდენი პროცენტით შეძლო ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გამარჯვება, 48.1%-ით, 45% თუ 49%-ით, გამარჯვების ზღვარი ოპოზიციასთან მიმართებაში უზარმაზარია, დაახლოებით 20%-იან განსხვავებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ამ ხარისხის გაყალბება.
ოპოზიციას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია. დემოკრატიის ნაწილია, რომ შენ აღიარებ დამარცხებას და მეორე დღეს იღვიძებ და აგრძელებ ბრძოლას სისტემის შიგნით. დემოკრატები არ იყვნენ ბედნიერნი იმით, რომ 2016-ში ტრამპმა გაიმარჯვა, თუმცა მათ საკუთარი მომხრეების ქუჩაში გამოყვანა არ დაუწყიათ ან უარი არ უთქვამთ მთავრობას შეერთებოდნენ. ერთია, როდესაც წარადგენ საჩივარს ან იწყებ იურიდიულ დავას სახელმწიფო უწყებების გავლით, ეს სამართლიანია და კანონიერი, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ იწყებ მხარდამჭერების მობილიზებას სისტემის დასამხობად, აქედან გამომდინარე, ჩემი კომენტარი იქნებოდა, რომ თუ პრობლემა გაქვს შედეგებთან, აწარმოე დავები სასამართლოსა და სახელმწიფო უწყებებში, მაგრამ არ შეიყვანო ქვეყანა ჩიხში და ძალით არ უბიძგო კონფორნტაციისკენ, რაც ძალიან საშიში და გაუთვალისწინებელი ტაქტიკაა.
რთულია მომდევნო დღეებში მოვლენების განსაზღვრა, თუმცა გეტყვით, რომ 5-მა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და მოხვდა პარლამენტში, რაც ადრე გამორიცხული იქნებოდა, ამიტომ მე რომ ამ პარტიების ადგილას ვყოფილიყავი საქართველოში, მენდომებოდა შესაძლებლობის გამოყენება, მენდომებოდა ჩემი ადგილი პარლამენტში და ჩემი ხმის მიწვდენა. ეს ხმა პარლამენტიდან უნდა ისმოდეს და არა ქუჩაში. ჩემი რჩევა იქნება, რომ გამარჯვების შემთხვევაში აიღო ის, რაც გეკუთვნის და არ მოისროლო ის სადმე იმ მიზნით, რომ მეტი მიიღო. იმუშავე სისტემის შიგნით, იმისთვის, რომ გააუმჯობესეო ის. ჩემთვის ეს იქნებოდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ მენახა ქართველების მიერ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაფართოების შანსის დაკარგვა, იმიტომ რომ მათ არ მიიღეს ის ოდენობა, რაც მათ სურდათ“ – აცხადებს ადამ ერელი.
“იმედინიუსი”