კომუნისტური სისტემის რღვევის პარალელურად, რამაც საბჭოთა კავშირის კატასტროფული ნგრევა გამოიწვია, რომელიც ყველაზე უფრო დიდი კატასტროფა საქართველოსთვის აღმოჩნდა, ზოგი დადებითი პროცესიც განვითარდა. კერძოდ, ხალხი სწრაფად დაუბრუნდა ქრისტეს რწმენას, მართლმადიდებელ ეკლესიას.
მაგრამ ნამდვილად ასე კი მოხდა? განა ჩვენ რწმენის იმიტაციას არ ვეწევით დიდწილად? ავაგეთ უამრავი ტაძარი, მაგრამ რიტუალიზმში გადავვარდით, წარმართობაში ჩავრჩით.
რა მაძლევს ამის მტკიცების საშუალებას? – ბევრი გარემოება, ბევრი ფაქტი. მაგრამ ახლა ხომ ყველა გაგებით სკანდალური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და მხოლოდ ამ არჩევნებთან დაკავშირებით დავწერ ორიოდ სიტყვას.
გაზაფხულზე, როდესაც კორონავირუსის მომიზეზებით, ხელისუფლებამ ისტერიული ფორმით ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ ხალხი ტაძრებში არ მისულიყო და სააღდგომო ლიტურგიას არ დასწრებოდა, არ მიეღო ზიარება, არ მთხვეოდა წმიდა ხატებს – მას ეს გარკვეულწილად გამოუვიდა. “კომენდანტის საათმა” საშუალება არ მისცა მრევლის უდიდეს ნაწილს, გადაადგილებულიყო ტაძრებში მაშინ, როდესაც ამის ოპტიმალური შესაძლებლობა იქნებოდა. ვინც მივიდა, დილის 6 საათამდე იდგა ტაძარში ან ტაძრის ეზოში, რადგან სახლში უფრო ადრე დაბრუნების შემთხვევაში, მას დამსჯელი რაზმები ელოდნენ პოლიციელების სახით.
მთავრობამ ეს ანტიეკლესიური ოპერაცია წარმატებად და “კოვიდისგან ხსნად” გამოაცხადა. თურმე აღდგომა ღამით სახლებში ჩაკეტვამ იხსნა ერი ვირუსისგან. რა გამოვიდა ამ “ხსნისგან”, დღესაც ვხედავთ. ის ხალხი კი, ვინც აღდგომას მაინც მივიდა ტაძარში ან მანამდე, ბზობაზე და დიდმარხვის სხვა დღეებში მოასწრო ტაძრებში მისვლა, მოლოცვა და ზიარება, არ დაავადებულა. ყველას ახსოვს გაცოფებული ტელევიზიები, ზომბირებული ჟურნალისტები, რომლებიც ყოველგვარი სიფრთხილის ზომების გარეშე, თითქოს ვირუსი მათ არ ეხებათ, დაწანწალებდნენ და აგრესიულ შეკითხვებს აყრიდნენ ეკლესიის მსახურებს და მრევლს, ეკლესიაში ინფიცირებულთა დაფიქსირების იმედით.
ეს ყველაფერი “მიშას” დროს არ ხდებოდა, არამედ “ბიძინას” დროს მოხდა. ასევე ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, პატრიარქმა დიდი შემოტევები მიიღო სატანის მსახურებისაგან, რამდენიმე ყალბი მეუფისა და თვალთმაქცი მონაზონისგან. ღია და დაუფარავი შეურაცხყოფები აიტანა, რომლებიც მას კი არ ბღალავს, არამედ საქართველოს სახელს აფუჭებს საერთაშორისო არენაზე. ეს სატანისტები ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩაინერგნენ ეკლესიაში, მაშინ “მოიქოქნენ” და “დაპროგრამდნენ”, საჭირო დროს ეკლესიის შიგნით ნაღმების ასაფეთქებლად. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმმა, სულ მცირე, ხელი არ შეუშალა ამ პროცესებს, თავის ადგილი არ მიუჩინა თავხედ ჟურნალისტებს, რომლებიც პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხმყოფელ პასკვილებს, აჟიტირებულნი, ენით ტუჩების ლოკვით ავრცელებდნენ და აბუქებდნენ.
აი ყოველივე ეს დაივიწყა იმჟამად აღშფოთებულმა (თითქოს) ხალხმა, ყოველ შემთხვევაში, მისმა დიდმა ნაწილმა, როდესაც 31 ოქტომბერს მეტწილად ხმა “ნაცებსა” და “ქოცებს” მისცა. გასაგებია, რომ არჩევნები გაყალბდა, ძირითადად, არალიბერალურ პარტიებს (შედარებითია ყველაფერი, თორემ ყველა ანტირუსული და პროდასავლური პარტია უდრის ლიბერალურს) მოპარეს ხმები – ცოტ-ცოტა, რამაც საბოლოო ჯამში ასე გაბერა “ქოცების” და “ნაცების” მხარდამჭერთა რიცხვი.
დღეს ვინც კიდევ “ნაციონალებს” ემხრობა, იმისი საქმე საბოლოოდ წასულია, მას რწმენაზე და ეკლესიაზე არც უნდა ელაპარაკო ალბათ, მაგრამ ეკლესიის წევრ ამომრჩეველთა იმ კატეგორიას მინდა ვკითხო – ხმა რატომ მიეცით “ქოცებს” მაშინ, თუკი აცნობიერებთ, რომ ეს რეჟიმიც ლიბერალური და არსებითად ანტიეკლესიურია? აღარაფერს ვამბობ ყბადაღებულ “ანტიდისკრიმინაციულ კანონზე” და კიდევ სხვა მომენტებზე, რომლებითაც “ქოცების” შეუთავსებლობა მართლმადიდებლურ და ქართულ ფასეულობებთან აშკარაა.
“ნელ-თბილობა” გამართლება არ აქვს, რადგან ეს, თანამედროვე ენით, უპრინციპობაა. რწმენა არ სცნობს შუალედურობას.
“ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა” (იოანეს გამოცხადება, 3:15-16).
გულბაათ რცხილაძე