“სრულიად უპერსპექტივო იქნება ოპოზიცია ქუჩაში. ხალხი მშვიდ ცხოვრებას დესტაბილიზაციას არ ამჯობინებს”.
როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა “ქართულ ოცნებასთან” ერთად კიდევ 8 პარტიას აქვს. ესენია: “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია”, “ევროპული საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” და ლეიბორისტული პარტია. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, თუ ოპოზიციონერი ლიდერები უარს იტყვიან მანდატებზე და პროტესტს ქუჩაში გააგრძელებენ? შეძლებს ოპოზიცია ამჯერად გაერთიანებას და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს “ქართული ოცნება”, ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
– 2020 წლის არჩევნების შედეგები ბევრი ასპექტით არის საინტერესო, მათ შორის იმითაც, რომ დაგვედგინა, ოპოზიციური სპექტრის წარმმართველი ძალა “ნაცმოძრაობაა” თუ სხვა ანგარიშგასაწევი ძალაც გამოიკვეთა. როგორც გაირკვა, დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვთ.
“ნაცმოძრაობის” შვილობილ პარტიებს “ევროპულ საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებელსა” და “გირჩს”, თუმცა თავად “ნაცმოძრაობას” უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე მათ ყველას ერთად. ყველას ერთნაირი რიტორიკა აქვს, ამბობენ, რომ “ოცნებაში” რუსეთის აგენტები არიან, ქვეყანას აღატაკებენ და ა.შ.
საინტერესოა, რატომ აქვთ ერთი და იმავე რიტორიკის მქონე პარტიებს ასეთი განსხვავებული რეიტინგი? იმიტომ, რომ სააკაშვილის ფაქტორი მუშაობს. ქარიზმატულ პირს ხშირად ისე ბრმად მიჰყვება ელექტორატი, რომ თავადაც არ იციან, რატომ უჭერენ მხარს.
– თქვენი თეორიის მიხედვით, სხვა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ქარიზმატული ლიდერი რომ ჰყოლოდა, 2020 წლის არჩევნების შედეგი სხვაგვარი იქნებოდა? ბოლო დროს პოლიტიკური ლიდერები სწორედ იმას ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მესია კი არა, პროფესიონალთა გუნდი გვჭირდება.
– ადამიანი ფსიქოლოგიურად ისეა მოწყობილი, რამდენიც უნდა იძახოს, მესია და ლიდერი არ გვჭირდებაო, სინამდვილეში სჭირდება. ბოლო დროს ევროპელებმა დაიჩემეს, ქარიზმატული ლიდერი პოლიტიკური კულტურის ხარვეზზე მიუთითებს, რადგან პიროვნულ ხიბლზე კეთდება აქცენტი და არა პოლიტიკურ დოქტრინაზეო. მაგრამ რეალობასაც ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში. ხალხს მოსწონს პიროვნული ხიბლის მქონე პერსონები და მიჰყვებიან მათ, ხშირად თვალდახუჭულიც. მაგალითად, ტრამპი ქარიზმატული ლიდერია. პოლიტოლოგები ლოგიკურად ფიქრობდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ ხალხი გაჰყვა მას და გაამარჯვებინა. ასე რომ, მოგვწონს თუ არა, ხალხი ქარიზმას ხშირად უპირობოდ მიჰყვება. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ხალხი აანალიზებდეს პროგრამებს, არკვევდეს, რომელი აძლევს ხელს, მაგრამ ასე არ ხდება, მით უფრო მაშინ, როცა 60 პარტიის 60 პროგრამა გაქვს წასაკითხი და შესაფასებელი. ვიყოთ რეალისტები, გავითვალისწინოთ ადამიანის ფსიქოლოგია და ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის ქარიზმატულობის გამო ადამიანები გაცილებით ძლიერად არიან მიჯაჭვული “ნაცმოძრაობას”, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალას.
– ოპოზიცია მოახერხებს შეთანხმებას პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა და საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ?
– არა მგონია, ეს სცენარი ახლა ხელსაყრელი იყოს. ვთქვათ, გამოვიდნენ ქუჩაში, გაჰყვება კი ხალხი?
– საჩვენებელი აქციების დროს ბევრი მხარდამჭერი გამოჰყავდათ.
– არც იმდენი, რომ პოლიტკრიზისის შექმნა შეძლონ. რის გამო უნდა გაჰყვეს ხალხი, დესტაბილიზაციის მოსაწყობად?
– პოლიტიკური პარტიები ხალხს ხომ არ მიმართავენ, გამოდით, დესტაბილიზაცია მოვაწყოთო? ხალხს მოუწოდებენ, გამოდით, სახლში გავუშვათ ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს თქვენი უკეთესი მომავლის შექმნაზეო…
– დიახ, მაგრამ თუ “ოცნება” სახლში წავა, რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს სიღარიბის დაძლევას და უკეთესი მომავლის შექმნას? ვერც “ოცნება” ართმევს თავს არსებულ გამოწვევებს, მაგრამ სხვაც რომ არავინ ჩანს ამის შემძლე? “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ამბობენ, ჩვენ გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდანო, მაგრამ შეძლებენ? სურვილი აქვთ, პროგრამებიც, მაგრამ ეს არ კმარა.
– დღეს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პარტიას აქვს, მათ შორის არიან ახალშექმნილი პოლიტიკური ჯგუფებიც. ხომ არ არის ეს ახალი რეალობის შექმნისა და ახალი ლიდერი ძალის ჩამოყალიბების შანსი?
– სწორედაც. თქვენს წისქვილზე მეც დავასხამ წყალს. ქუჩაში გამოსვლით ეს პარტიები ისეთივე ქუჩის პოლიტიკოსებად დარჩებიან, როგორადაც “ნაციონალები” იქცნენ. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში თითოეულ მათგანს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ქუჩაში პოლიტიკური კულტურა არ გროვდება. ქუჩის გამოცდილება ეროვნული მოძრაობის ლიდერებს რომ ჰქონდათ, ამათ არც დაესიზმრებათ, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა მოხდა, როდესაც პარლამენტში შევიდნენ? პრეზიდენტი გამსახურდია საინფორმაციო მიტინგებით ცდილობდა ქვეყნის მართვას. სხვა გამოცდილებას, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებს არ იცნობდა. ასე რომ, სრულიად უპერსპექტივო იქნება ოპოზიცია დღეს ქუჩაში. ხალხი მშვიდ ცხოვრებას დესტაბილიზაციას არ ამჯობინებს.
– ესე იგი, ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა და მათი დისკრედიტირება “ოცნებას” ხელს აძლევს?
– პატარა პარტიების რა მოგახსენოთ, მაგრამ “ნაცმოძრაობა” რაც უნდა დისკრედიტირებული იყოს, სააკაშვილს თავისი მომხრეები მაინც დაუჭერენ მხარს.
– როგორ გგონიათ, საბოლოოდ რა გზაზე გაიყოლებს ის თავის ამომრჩეველს?
– მისი არაორდინარული ხასიათიდან გამომდინარე, ძნელია ამის განსაზღვრა. თუმცა ლოგიკური იქნება, თუ ისე მოიქცევა, როგორც ევროპელებს მოეწონებათ – გააკეთოს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, აღიაროს დამარცხება, პირობითად ხელი ჩამოართვას მეტოქეს და გაუხსნას ფრონტი საპარლამენტო ტრიბუნაზე.
– ესე იგი, “ოცნებისთვის” ოპოზიცია პარლამენტში უფრო სახიფათოა, ვიდრე ქუჩაში?
– უდავოდ. ქუჩაში გასულ ოპოზიციას დღეს ხალხი არ გაჰყვება. მათ სიტყვას უფრო დიდი ძალა პარლამენტში ექნება.
ავტორი: ხათუნა ბახტურიძე
წყარო: kvirispalitra.ge