სანდრო ბრეგაძე – გაჩუმების სანაცვლოდ ხმების მომატება შემოგვთავაზეს

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მათ საპროტესტო აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ ხმების მომატება და პარლამენტში მანდატის მიღება შესთავაზა.

მისივე თქმით, „ქართული მარში“ უნამუსობაში არავის გაურიგდება და მიმართავენ შიმშილის უკიდურეს ფორმას, რომელსაც „სასიკვდილო“ შიმშილობა ჰქვია.

,,ჩვენ ვაჩვენებთ კონკრეტულ ფაქტებს როგორ გააყალბა ,,ქართულმა ოცნებამ” არჩევნები. ჩვენ მივიღეთ 46 000 ხმა, რომელიც მოგვპარა ,,ქართულმა ოცნებამ”. ოქმებს დავუდებთ, რომ ყველა პარტიას გაუყალბეს არჩევნები. ჩვენ ხალხის წინაშე ვამხელთ მათ.კობახიძემ შემოგვითვალა, რომ გაჩერდით, საპროტესტო აქციებში ნუ იღებთ მონაწილეობას, ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო. ამათ ჩვენ ხმების მათხოვრები ვგონივართ. 2012 წელს ჩვენი ნაბრძოლი აღმოჩნდა არაფერი და ტყუილი.

ყველაზე მეტად ის ადამიანები ვართ შეურაცხყოფილები, ვისაც სრულიად ალალად გვჯეროდა, რომ მოდიოდა 41 ნომერი, რომელიც არჩევნებს არ გააყალბებდა, ხმებს არ მოიპარავდა და უმსგავსობებს არ გააკეთებდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მწარედ შევცდით.

ვითხოვთ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ჩვენ შემოგვთავაზეს გაჩუმების სანაცვლოდ ხმების მომატება. ჩვენ ჩვენი კუთვნილი კიარ წაგვართვეს, თითოეულ ქართველს ჩაგვაფურთხეს სულში. თავმოყვარე ორგანიზაციაა „ქართული მარში“ და არავის არ გაურიგდება უნამუსობაში. მივმართავთ შიმშილის უკიდურეს ფორმას, რომელსაც ჰქვია სასიკვდილო შიმშილობა“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.