თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე, პარლამენტი მათ გარეშე მუშაობას შეძლებს

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე და არ შევა პარლამენტში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მათ გარეშე მუშაობას შეძლებს, განაცხადა ექსპერტმა კონსტიტუციის საკითხებში ვახტანგ ხმალაძემ .

ოპოზიციური პარტიების მომხრეები გუშინ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. მათ პირობა დადეს, რომ ყოველდღე შეიკრიბებიან, სანამ ხელისუფლება ხელმეორე კენჭისყრას არ დანიშნავს. როგორც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, ისინი უარს ამბობენ ახალ პარლამენტში შესვლაზე.

„იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, პარლამენტი მის გარეშე იმუშავებს. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ეს სადავო საკითხია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტიდან 50–ზე მეტი ადამიანი წავა. ანუ, თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 100–ზე ნაკლები იქნება“, – განმარტა ხმალაძემ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დადგება საკითხი, აქვს თუ არა პარლამენტს საკმარისი კვორუმი თავისი უფლებამოსილების შესასრულებლად. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება დღის წესრიგში ვერ დააყენებს არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობას, რადგან ეს საკითხი არ რეგულირდება არც კონსტიტუციით, არც კანონით.

„ანუ კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რომ ეს შეიძლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, ეს სუფთა თეორიული პრობლემაა, რადგან ის რიცხვები, რომლებიც ცხადდება, თუ საბოლოო შედეგები გახდება, ასეთი პრობლემა არ წარმოიშვება“, – განაცხადა ხმალაძემ.

პარლამენტი შეკრებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც არჩევნების მთელი პროცედურა, მათ შორის, მეორე ტურები ერთმანდატიან ოლქებში დასრულდება, ანუ დაახლოებით ერთი თვის მერე, განმარტა ექსპერტმა.

მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა საარჩევნო სუბიექტი მოხვდება: როგორ გადანაწილდება მანდატები>>

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 100%–ის დათვლის შედეგად (პროპორციული სიებით) საპარლამენტო არჩევნებზე 48,15%–ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა 27,14%–ით ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების ცხრა ოლქში.

 

“სპუტნიკი”