კარგი იქნება, თუ 20-25 ნოემბრამდე ყველა ავიცრებით, ვისაც გრიპის ვირუსზე აცრა ეკუთვნის, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მონიტორინგის მიხედვით ჩვენთან ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს. ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი და კიდევ სხვა რამდენიმე კორონავირუსი, მაგრამ ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა.
„სახელმწიფომ წელს თავიდან 135 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა იყიდა, მერე დავამატეთ კიდევ 100 ათასი დოზა და დღეის მონაცემებით 90 % უკვე შემოსულია. ბოლო შემოსვლა იქნება 23 ათასი დოზის კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში, დანარჩენი ამ 235 ათასი დოზა უკვე გადანაწილდება პოლიკლინიკებში, სადაც არის იმუნიზაციის კაბინეტები, ყველგან უნდა იყოს გრიპის ვაქცინა. მინისტრის ბრძანებით ახლა რისკჯგუფების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ესენი არიან ჩემი კოლეგები, ყველა დიაბეტიანი, ბავშვიც და მოზრდილიც, 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულ-სისხლ ძარღვთა და სასუნთქი სიტემის ქრონიკული დაავადებები. ყველა ამ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიმართოს პოლიკლინიკას, სადაც ისინი აღრიცხვაზე არიან იქნება ეს თბილისში, სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში და ისინი აიცრებიან.
მოგეხსენებათ, რომ გრიპის ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მოხდეს, გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის დასაწყისამდე. სულ შეიძლება ვაქცინაცია, მაგრამ სასურველია, რომ ეს ნოემბერში მოხდეს. მონიტორინგის მიხედვით ჩვენთან ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს. ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი და კიდევ სხვა რამდენიმე კორონავირუსი, მაგრამ ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა და ალბათ, ნოემბრის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ამიტომ, თქვენ ირგვლივ ვინც არიან ეს რისკჯგუფები, მოუწოდეთ, რომ დროულად მივიდნენ პოლიკლინიკებში. კარგი იქნება თუ 20-25 ნოემბრამდე ყველა ავიცრებით, ვისაც ეს აცრა ეკუთვნის. ვიცი, რომ კერძო სექტორს ამ კვირაში ექნება გარკვეული მარაგი ამ ვაქცინისა და ვინც ამ ჯგუფში არ შედის და უნდა აცრა, ასევე შეუძლიათ მიმართონ პოლიკლინიკებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.