უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით – 3 700-ზე მეტი უბანია, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ მოგვპარა,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. უკვე დღეს ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილი აკონკრეტებს, რომ მათი პარტია ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებულ აქციას არ უერთდება.
„ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციის უკვე დაანონსებულ აქციას. ჩვენ გვაქვს ჩვენი აქცია შაბათს, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე და ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, ვაჩვენოთ არჩევნების გამყალბებელ ხელისუფლებას, რამდენი ვართ. ეს იქნება უწყვეტი პერმანენტული აქციები. ჩვენ მივაღწევთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
წყარო: ptn.ge