კიდევ ერთი უცნობი ვირუსი – იღუპებიან მხოლოდ ახალგაზრდები

ეპიდემიოლოგებმა უკვე მოინახულეს დაღუპულთა ოჯახები და საავადმყოფოები, რომლებშიც გარდაცვლილები იყვნენ მოთავსებული, და კვლევისთვის აუცილებელი მონაცემები შეკრიბეს

უცნობი დაავადებისგან ნიგერიის შტატ დელტაში თხუთმეტამდე ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Vanguard–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 18–დან 25 წლამდე მერყეობს.

შტატის ხელისუფლებამ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ყველაფერს გააკეთებს დაავადების გავრცელების შესაკავებლად.

„შტატის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია სიკვდილიანობის ამოუხსნელი შემთხვევების შესახებ, <…> რის გამოც გუბერნატორმა დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს, დაუყონებლივ გამოიძიოს ეს შემთხვევები, განსაზღვროს  მიზეზები და მიიღოს ყველა ზომა დაავადების გავრცელების შესაკავებლად“, — ციტირებს გამოცემა ჯანდაცვის საკითხთა რწმუნებულ მორდი ონონიეს.

ბოლო ცნობით, ეპიდემიოლოგებმა უკვე მოინახულეს დაღუპულთა ოჯახები და საავადმყოფოები, რომლებშიც გარდაცვლილები იყვნენ მოთავსებული, და კვლევისთვის აუცილებელი მონაცემები შეკრიბეს.

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ადამიანების იდუმალი გარდაცვალების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ჰემორაგიული ცხელება*.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი სასიკვდილო დაავადება VEXAS აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემართება და დაავადებულთა 40% შეუძლია იმსხვერპლოს.

*ჰემორაგიული ცხელება — ეს ვირუსული ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ჰემორაგიული სინდრომით. მძიმე კლინიკურ ფორმებს თან ახლავს ფართო სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში, არტერიული ჰიპოტენზია და შოკური მდგომარეობა. ჰემორაგიებით მიმდინარე დაავადებებია: ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ლასას, ებოლას, მარბურგის ცხელებები და სხვ.

“სპუტნიკი”