რაც ფაქტია – არჩევნების შედეგი, -ერთი მხრივ, მოლოდინების გაცრუების შედეგია (2012-ში ადამიანებს სხვა რამ სურდათ და მხოლოდ არამთავარში მიიღეს რაღაც, რომელიც მათ არ აკმაყოფილებს)! მეორე მხრივ, ამ იმედგაცრუებამ, ქართული ახირებული ხასიათიდან გამომდინარე, პროტესტი გამოიწვია.
ქართველს კი პროტესტი სპეციფიკური აქვს: იგი ჯიბრზე შენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და არა პრაგმატული მოსზრებებითა და ლოგიკის საფუძველზე. ასეც მოხდა! მაგრამ ეს თავისთავად არ მომხდარა!
ხელისუფლების მთელი პროპაგანდისტული პოლიტიკა წლებია, ემსახურება შეფარულ მიზანს: “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდას, რადგან, როცა პოლიტიკური ველის პოლარიაზაციას ახდენ, შენ სპობ საშუალებებს რაიმე ალტერნატივის გაჩენისა და სპობ პერსპექტივას პოლიტიკური დაბალანსებული ველის შექმნისათვის, რომელსაც შეეძლება წონასწორობის დაკავება და ”გაწონასწორებისა და შეკავების” მექანიზმების ამოქმედება.
როცა ”შუა გაკრიფე”, ფაქტობრივად ამზადებ ნიადაგს მომავალში ხელისუფლების გადაცემისათვის: რადგან სხვა არავინ იქნება, ხელისუფლება იმან უნდა გადაიბაროს, რომელიც მეორე მხარესაა.
პოლიტიკური თვალსაზრისით მცდარი და სინამდვილეში ყალბი სლოგანი: ”დავასრულოთ ნაცები!”, სინამდვილეში ნაცების პროპაგანდა იყო და მოქალაქეების ყურადღების კონცენტრაციას მათზე ახდენდა. ტექნოლოგიამ 100%-ით შედეგიანად იმუშავა და მიზანი მიღწეული იქნა, რადგან, მილიონიდან 1 შანსიც კი არ არსებობდა, ნაცმოძრაობა ”დასრულებულიყო”! ამის თაობაზე არაერთ საგაზეთო თუ ტელეინტერვიუში მივუთითე, რომ ეს უაზრო სლოგანი პოლიტიკურად ძალზე მცდარი და საშიში პროპაგანდა იყო.
”ოცნება” თვალთმაქცობს, როცა წინა ხელისუფლების დანაშაულებზე საუბრობს, რადგან დამნაშავეების გასამართლება მოწვეული ცნობილი ადვოკატებითა და ღია სასამართლო პროცესების საშუალებით შეეძლო, მაგრამ, ამის ნაცვლად, – კოჰაბიტაცია და ყალბი პროპაგანდა ამჯობინა!
დღევანდელი შედეგი – ლოგიკურია!
ხელის შეწყობამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის პარტიებისა, მათი დაფინანსების უზრუნველყოფამ და ღრმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა – ისინი პარლამენტში არიან!
მათი მხარდაჭერა აგრეთვე განაპირობა ბოლო 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემის განადგურებამ, ახალგაზრდებში ყალბი, დამანგრეველი და დესტრუქციული ფასეულობათა სისტემის პროპაგანდამ და ყალბი ორიენტირების გაჩენამ.
ამ ტყლაპო-შეხედულებების მხარდაჭერა მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანებს შეუძლიათ!..კლასიკური კონსერვატული იდეოლოგიის მატარებელი ვერც ერთი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ვერ მოხვდა – კონსერვატორული კლასიკური მემარჯვენე ერთი პარტიაც კი, დაფუძნებული ტრადიციულ ფასეულობაზე! ყველა ეს ე.წ. ”ეროვნული ძალა” დროს აცდენილი ხერხებითა და მეთოდებით მოქმედებს და უკიდურესი შეზღუდული შეხედულებათა სისტემის მატარებელია, აკვიატებული იდეა-ფიქსებითა და პიროვნული სიმპათიებით; ახალი ეროვნული საღი ძალის ფორმირება კი არ ხერხდება, რადგან მათზე არანაირი მოთხოვნა არ არსებობს. ამიტომ არის ის, რაზეც სინამდვილეში არის მოთხოვნა. ეს მოთხოვნა ფორმირებული იქნა ცნობიერების კორექციის გზით, მაგრამ სწორედ ამ გზითაა შეიძლება მისი გასწორება და დეფორმირებული ცნობიერების საკუთარ ფუძეზე დაბრუნება, რომელსაც ერთადერთს შეუძლია პროგრესის უზრუნველყოფა. ეს ძალზე რეალურია, მაგრამ მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის ადამიანს უნდა სურდეს ეს!
ჯერ-ჯერობით, ეს მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა ადამიანებისა არ არსებობს!
არსებული მდგომარეობა ერთადერთი რამის მაჩვენებლია:
ქართველებს დიდად არაფრად უღირთ საკუთარი ტრადიციული კულტურა, კულტურული ფასეულობები, საკუთარი იდენტურობა და საკუთარი მომავალი!
არ უღირთ!
შედეგიც შესაბამისია!
თუ ასე გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად დაეშვება იმ უკიდურეს მდგომარეობაში, როცა მისი იდენტურობა, მისი გავლენა ამ ქვეყანაში ნიველირებული იქნება და იგი ეროვნულ უმცირესობაში გადავა!
ორი რამ გარანტირებულს ხდის ამ სასტიკ პერსპექტივას:
(ა) დემოგრაფიული კატასტროფა და
(ბ) გაუნათლებლობის კულტივირება (განათლების დეგრადაცია), გლობალურად, ქართულ კულტურაში, ყალბი იდეოლოგიური ორიენტირების გავრცელების მხარდაჭერა სახელმწიფოს დონეზე!
დემურ გიორხელიძე