საქართველოს სახეს მსოფლიოში იპოლიტე ხვიჩია, ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი და მიხეილ მესხი ქმნიდნენ

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

იყო დრო – ბევრს ის დრო დღესაც ახსოვს, – როდესაც საქართველოს სახეს მსოფლიოში იპოლიტე ხვიჩია, ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი და მიხეილ მესხი ქმნიდნენ. ცხადია, ამ სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება… და ის ქვეყანა “რკინის გალავნით” საიმედოდ გარშემორტყმული, მაგრამ მაინც ლაღი, შინაგანად უფრო თავისუფალი, მეგობრული, სიკეთით აღსავსე და არაკეთილმოსურნეთა შემოტევებისგან მეტნაკლებად დაცული და მშვიდობიანი საქართველო გახლდათ. კარს არ კეტავდნენ კლიტეზე კორპუსებში, მეზობელს არ ეწყინოსო…

ამჟამად კი საქართველოს სახეს მამალი თუ დედალი ნაციონალები და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი უსახური ადამიანები ქმნიან. ზოგი მანტიაში, ზოგის უმანტიოდ, ზოგი “ქსივით” და ზოგიც “უქსივოდ”, ზოგიც პოზიციაში და ზოგიც ოპოზიციაში… ვიზები გაუქმებულია, საზღვრები კი გახსნილი – და მაინც დაუფარავი ზიზღითა თუ ფარული სიძულვილით აღსავსე, დაჩიავებული და ბოროტების ზეობისგან სასტიკად დაუცველი და გულში მუშტით მობრაგუნე ქვეყანა შეგვრჩა ხელში. და სწორედ ესაა, ჩემი მოკრძალებული აზრით, დღევანდელი საქართველოს მიმდინარე ტრაგედია.

პარტერის ბილეთებიც რომ გაყიდულია!

გ.ლ.