რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს.
“საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.
ყველა ეს არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია.
“ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები – მოქალაქეები, ბიზნესი, ყველა პოლიტიკური აქტორი. ყველა ჩვენგანის ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს ძალიან მარტივია, ამისთვის ჩვენ უბრალოდ უნდა დაცვიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირეული მთელ მსოფლიოში და ძალიან მარტივად შესასრულებელია.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში პირბადე არის სატარებლად სავალდებულო როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე სივრცეში. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და კვების დაწესებულება მუშაობს 22:00 საათამდე.
ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის ფარგლებში შეზღუდულია ათ კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიც არის ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ხალხმრავალი შეკრებები და ისეთი სტუმრიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს სტუმრებს საავადმყოფოში მოათავსებს.
როგორც იცით, ასევე დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა გადასულია დისტანციურ რეჟიმში და რა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ასევე, უკვე მოვუწოდეთ ჩვენს საჯარო სექტორს, საჯარო სექტორში არის გაცემული მიტითება, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელს. მინდა, დღესაც გავიმეორო ეს მოწოდება და ყველა დამსაქმებელს გთხოვოთ – მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშოთ სახლიდან,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილი მოუწოდებს 70 წელს გადაცილებულ თანამოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავს და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ.
“საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ეკონომიკის სისტემა ფუნქციონირებდეს ნორმალურად, ამას, სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ჩვენ გავააქტიურებთ ყველა ამ დადგენილი წესის შესრულების კონტროლს, აღსრულების კონტროლს და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივია, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ასევე ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შენელება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
“რუსთავი2”