ოცდაათი წლის განმავლობაში თავში რომ ლოზუნგებს გიტენიდნენ, ის ლოზუნგები, დროთა განმავლობაში, გარედან კარნახით, მოხერხებულად გადაუკეთებიათ და დღეს მათ ნაცვლად ხმის ჩახლეჩვამდე გაყვირებენ:
“დასავლური ღირებულებები!”
“ნატო! “
“ევროკავშირი!”
“აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობა! “
დასავლური ღირებულებების გაფეტიშებაში საკუთარი ღირებულებები დავკარგეთ და დასავლეთის უბადრუკ ეპიგონებად ვიქეცით. დასავლური ღირებულებები იმიტომ არის დასავლური, რომ ისინი დასავლეთის მიერ არის შექმნილი, ანუ ის ღირებულებები ჩვენი არ არის, სხვისია. რაც კარგია (არა აქვს მნიშვნელობა, დასავლურია თუ აღმოსავლური), იმას, დიახაც, უნდა ვეზიაროთ, მაგრამ ისე კი არა, რომ იმ სხვისმა თავგზა აგვიბნიოს და საკუთარი დაგვაკარგვინოს. ჩვენ კი, საკუთარი შეგვრჩა რამე? მამული, ენა, სარწმუნოებაო, რომ დაგიბარა იმ სულკურთხეულმა, სადღაა ან ერთი, ან მეორე, ან მესამე?
მამული, გითხარი ზემოთ, ჯერჯერობით სამ ნაწილადაა დაშლილი და ძიძგნიან ყველა მხრიდან გაუთავებლად. ენა ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სულს ღაფავს უკვე. ქართველი რომ იტყვის, _ მე უთხარიო, ან წყალს ვსვავო, ენა წაწყმედილია ბოლომდე. ენის სრულყოფილად ცოდნაზე არ მაქვს საუბარი, ენის სიყვარული დაიკარგა, ქართულის მიმართ რიდი და მოწიწება გაქრა. მწერალი რომ უნდა წერდეს და მსახიობი რომ უნდა მეტყველებდეს, იმ ენით ყველა ვერ დაწერს და ილაპარაკებს, მაგრამ დედა ენის მიმართ სიყვარული საერთოდ არ გაგაჩნდეს და არ გეძვირფასებოდეს, წარმოუდგენელი მკრეხელობა მგონია. მოუსმინეთ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას, მიაყურადეთ ქართველ ჟურნალისტთა საუბარს და ადვილად დარწმუნდებით, რომ ენა წაბილწულია. საიდანღაც შემოიპარა ლათინური “F”, რომელიც შემზარავად ამახინჯებს ქართულ ჟღერადობას. თვით ინტონაციაც კი უცხო რაღაცაშია აღრეული და არაქართულია, ასე განსაჯეთ, ხმის ტემბრიც კი დამახინჯებულია. ქართველი კაცის ხმაში აღარ ურევია ფოლადი, ქართველი ქალის ხმას აღარა აქვს ხავერდი. ტელევიზორებიდან ყიყინი, ჭყიპინი, წიწინი, ზმუილი, ღმუილი გვესმის… ასე თუ გაგრძელდა, ქართველები ვერც “ჩაკრულოს” იმღერებენ, ვერც “მრავალჟამიერს” შემოსძახებენ და ვერც “წინწყაროს” ააჟღერებენ. ვერც “შენ ხარ ვენახი” და “მოუოხე, ბატონებო” დაატკბობს ქართველთა სმენას, რადგან ენის, ხმის, ინტონაციის, ტემბრის საუკუნეებში გამოწრთობილმა ერთიანობამ და სიტყვის მიმართ, ქართული ენის მიმართ დამოკიდებულების უდიდესმა კულტურამ შექმნა ეს განუმეორებელი ფენომენი.
სარწმუნოება ენაზე გაცილებით უარეს დღეშია. მავანი იტყვის, ქართველები ეკლესიისკენ შებრუნდნენო. ეს არ მიმაჩნია სარწმუნოების შენახვა-შენარჩუნების საზომად. ეს ფარისევლობის საზომი და სარწმუნოების ერთგვარ მოდად და ტრენდად ქცევა უფრო მგონია, ვიდრე ეკლესიისკენ მიბრუნება. ეკლესიურობა არც ბრმა რელიგიურობასა და თაყვანისცემაში ვლინდება, იგი განათლებული საზოგადოების გააზრებული, კულტურული, ისტორიული და ტრადიციული აქტი უნდა იყოს თითქმის ქრისტეს ასაკის ქრისტიან ერში. მართლმადიდებლობას არა მხოლოდ საკუთარი სულიერი მდგომარეობის, არამედ ეროვნული სულიერი რაობის გაცნობიერებისა და მასთან ზიარების დიდებულ აპოთეოზად უნდა აღიქვამდეს ყოველი ქართველი. ჩვენ კი რას ვხედავთ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული. ეს, პირველ რიგში, ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან მართლმადიდებლობა სუბსტანციური საფუძველია ქართული წესიერებისა და ზნეკეთილობისა. ჰოდა, თუკი ხორცი (მამული) აღარ შეგრჩა, თუკი სული და ზნეობა (ენა და სარწმუნოება) აღარ შეგრჩა, ვერ იარსებებ, როგორც ქართველი, როგორც შემქმნელი და მატარებელი ქართული ეროვნული კულტურისა, რომელიც უნიკალური მოვლენაა მთელ პლანეტაზე, არა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. უნიკალურობა ერთადერთობაშია და არა უკეთესობაში.
ვალერი კვარაცხელია
მასალა სრულად: