ქვეყანაში ახალგაზრდობის მორალურ–ზნეობრივ აღზრდაში სერიოზული პრობლემებია. ე.წ. ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ მეორე გახმაურებული საქმის მომსწრენი გავხდით.
ჩემზე, როგორც პროფესიონალ განათლების მუშაკზე, ისევე, როგორც ბევრ სხვაზე, ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ძალიან იმოქმედა და თავის დროზე პრესაში წერილიც გამოვაქვეყნე, რომელშიც ის მანკიერებები წარმოვაჩინე, რომლებიც, სამწუხაროდ, მოსწავლე–ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში დღესაც გრძელდება. რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის საქმეს და მის გაჭიანურებულ გამოძიებას, მას იმდენი სატელევიზიო გადაცემა და წერილი მიეძღვნა, რომ მათზე დაწვრილებით აღარ შევჩერდები.
“საერთო გაზეთში” გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ ვახტანგ ხარჩილავას, “ასავალ-დასავალში” ჯაბა ხუბუასა და “ლიტერატურულ საქართველოში” ზაზა ფირალიშვილის შესანიშნავი წერილები, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით მშობლები, ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს. სრულიად ვიზიარებ მათ პოზიციებს, მაგრამ, თუ მათი თვალსაზრისი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გათვალისწინებული არ იქნება და პრაქტიკაში არ განხორციელდება, დარჩება მხოლოდ “ხმად მღაღადებლის უდაბნოსა შინა”, საქმეს კი არაფერი ეშველება, მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება და უფრო მეტი ასეთი შემთხვევის მომსწრენი გავხდებით. ვახტანგ ხარჩილავა და ჯაბა ხუბუა ამ საკითხს საინტერესოდ, მაგრამ მაინც ჟურნალისტური კუთხით აშუქებენ, ხოლო ზაზა ფირალიშვილი, როგორც სტუდენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე პროფესორი, იმ საკითხებსაც ეხება, რომლებმაც წარმოშვა მოზარდებში თვითდაჯერების, მუდმივად მათ უფლებებზე ზრუნვით გამოწვეული ყოყლოჩინობა. აქედან გამომდინარეა მათში დაუსჯელობის სინდრომის ჩანერგვა, რადგან იციან, რომ ყველა იცავს მოსწავლისა და სტუდენტის უფლებას, მოსწავლე და სტუდენტი ყოველთვის მართალია. აღარავის ახსოვს, რომ მასწავლებელსაც აქვს უფლება, რომელსაც არავინ იცავს. მე, როგორც პედაგოგიური მუშაობის ორმოცდაათწლიანი გამოცდილების მქონემ, მინდა, გავაანალიზო ის განუკითხაობა და თვითნებობა, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში დღევანდელ სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებშია გამეფებული. ცამდე მართალია ვახტანგ ხარჩილავა, როცა ამბობს: “ჩვენ, ყველანი, ერთად ვართ დამნაშავე, ჩვენ ყველამ ერთად და ცალ–ცალკე მოვკალით შაქარაშვილი. ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს, ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი _ მათ თავიანთი ავტონომია შექმნეს, ფარდა ჩამოგვიკიდეს და კატეგორიულად გვაფრთხილებენ: არ გაბედოთ ამ ფარდის გადაწევა და ჩვენს “სახელმწიფოში” შემოხედვა _ თქვენი საქმე არ არის, აქ რა ხდება”. ვერაფერს იტყვი, ამ ფრაზაში ის მწარე სინამდვილეა გადმოცემული, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, დანერგილია ახალგაზრდების ცხოვრებაში. ამან საზოგადოება სერიოზულად უნდა დააფიქროს, განსაკუთრებით მშობლები. დაბადების დღეზე შვილის მიერ მშობლის სუფრასთან არმიწვევას კარგი არაფერი რომ არ მოჰყვება, დიდი მტკიცება არ სჭირდება. დედას ეძინა და ჩვენი მოსვლა ვერ გაიგოო, _ ამბობდნენ ჩაშლილი ქეიფის შემდეგ გოგო-ბიჭები, რომლებიც ასე თუ ისე შეხება ჰქონდათ ტრაგიკულ შემთხვევასთან. ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია. თურმე, ორ თუ სამოხიანი ბინის ერთ-ერთ ოთახში, ისე მაგრად ეძინა ოჯახის უფროს ქალბატონს, რომ ღრიანცელსა და მოცეკვავეთა მანჭვა-გრეხაზე არაფერი გაუგია. აი ამ ფარდის ბრალია სწორედ ყველა ის უბედურება, რომლებიც ქვეყანაში ხდება. სწორედ ეს ფარდაა დამნაშავე, რომელიც შვილებმა მშობლებს ცხვირწინ ჩამოუფარეს და შიგნით ცხვირს არ აყოფინებენ. სწორედ მშობლები, საზოგადოება და სასწავლო დაწესებულებებია დამნაშავე იმაში, რომ ჩვენს შვილებს ამ ფარდის ჩამოკიდებაში ხელი არ შევუშალეთ და ცალკე ავტონომია შევაქმნევინეთ. ოჯახის უფროსს საკუთარ სახლში სუფრას რომ არ გააკარებენ, ამას რა ჰქვია, ვერ ამიხსნია. თუმცა ასახსნელიც არაფერია, ფაქტია, რომ ეს გოგო-ბიჭები სუფრასთან ისე იქცევიან, რომ მათ მშობლებს ნამდვილად არ მოეწონებათ. მათ რომ ჰკითხოთ, ალბათ, გეტყვიან, ჩვენ ხომ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ჩვენი ქცევა საკითხისადმი ევროპული მიდგომა და მათი ღირებულებების ჩვენს ცხოვრებაში გადმოტანა და დანერგვააო. მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელსაც მხოლოდ უზნეობა, გარყვნილება, უფროსისადმი უპატივიცემულობა და აღვირახსნილი თავისუფლება მოაქვს. დღეს, ამ დაუნდობლობისა და სისასტიკის ხანაში ზოგიერთი ტელევიზია, სამწუხაროდ, ხელს უწყობს და პროპაგანდას უწევს ყოველივე ამას. ისეთ გადაცემებს აკეთებენ, რომელშიც სისასტიკე, დაუნდობლობა და გარყვნილება რომანტიკულ დონეზეა აყვანილი, ხოლო ჩვენთვის საამაყო ტრადიციული ღირებულებები _ მოყვასის სიყვარული, უფროსებისადმი პატივისცემა, ზნეობრივი აღზრდა, სუსტის დაცვა და რაინდობა, დასაცინია. ამიტომაა, რომ ყველაფერი აღრეულია და ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ სასწავლო დაწესებულებებში აღმზრდელობითი მუშაობა აღარ წარმოებს და სასწავლებლების ხელმძღვანელობაც ამ კუთხით თავიანთ აღსაზრდელებზე პასუხისმგებლობასაც აღარ იღებენ. უფრო მეტიც, მოსწავლის ყოფაქცევის შეფასება, საერთოდ, ამოიღეს ატესტატიდან, რამაც კიდევ უფრო წაახალისა და დაუსჯელობის განცდა განუმტკიცა სკოლის შინა განაწესის დარღვევისა და ხულიგნური ქცევებისკენ მიდრეკილ ყმაწვილებს. მოზარდები რჩებიან მხოლოდ ოჯახის ამარა და მათი ზნეობრივი აღზრდაც ოჯახზეა დამოკიდებული.
ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი მშობელი ლუკმაპურის საშოვნელად დღე და ღამეს ასწორებს, შვილებისთვის აღარ სცალია და, მოზარდი, ფაქტობრივად, ქუჩის ამარა რჩება. ქუჩაა მისი აღმზრდელი. შედეგიც აშკარაა _ უვიცი, გათავხედებული და მოძალადე მოზარდები მოგვიმრავლდნენ ქვეყანაში. შვილი, გოგონა, მთელ ღამეს შინ რომ არ არის და დილის 5 საათზე ბრუნდება, ამან მშობელი არ უნდა დააფიქროს? მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და არავინ რეაგირებს. გოგონა ბარძაყებსა და მკერდზე ტატუთი რომ დადის, ესეც არაფერია. ეს ხომ ევროპული ღირებულებებია, რომლისკენაც ასე ბრმად მივილტვით.
ყოველივე ევროპულისადმი ასეთი ბრმა სიყვარული, მათი ღირებულებებისადმი უსიტყვო მორჩილება, ქართული ღირებულებებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება და უპატივცემულობა ერისათვის შეურაცხმყოფელია. თუკი ამ კოსმოპოლიტ ლიბერალებს საძრახისი საქციელის გამო გააკრიტიკებ, ატყდება ერთი ამბავი და მაშინვე საბჭოთა კავშირში ჩარჩენილად მოგნათლავენ. იმ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ახლა ასე ცინიკურად რომ მოიხსენიებენ, საქართველო მსოფლიოში უმაღლესი განათლებით ყოველ 1000 სულ მოსახლეზე წამყვან პოზიციაზე იყო. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები არა მხოლოდ კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბით მოღვაწეობდნენ: ეგვიპტეში ასუანის კაშხალსა და ინდოეთ–ირანში მეტალურგიულ კომბინატებს აშენებდნენ. დღევანდელი ინჟინრებიდან კი ზოგიერთმა პროცენტის გამოყვანაც არ იცის. ქართველი მეცნიერები და კულტურის მუშაკები თავიანთი მიღწევებით მსოფლიოს აოცებდნენ. 1961 წელს კოსმოსში პირველი საბჭოთა კოსმონავტის გაშვებაზე ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ დანანებით განაცხადა: “საბჭოელებმა ამერიკელები კოსმოსურ შეჯიბრებაში სკოლის მერხთან დაამარცხეს. ჩვენ, ამერიკელებმა, მათი განათლების სისტემის გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ”.
მაჩვენეთ ერთი მაინც ლომაიას მიერ რეფორმირებული განათლებამიღებული სპეციალისტი ან ე.წ. აკადემიური დოქტორი, რომელსაც თავის დარგში რაიმე ღირებული მიღწევა ექნება არათუ მსოფლიო, არამედ საქართველოს მასშტაბით. სწორედ კახა ლომაია იყო პირველი მოღალატე, რომელმაც გაანადგურა წლობით ნაშენები ქართული განათლება, გაატუტუცა და დეგრადაცია შეიტანა მოსწავლე–ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. ჯერ გამოცდილი, ავტორიტეტიანი და დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლები გაყარეს სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან. თურმე მოსწავლისთვის მათი უზრდელური საქციელის გამო შენიშვნის მიცემა და წესიერებისაკენ მოწოდება არ შეიძლება, ამით მათი უფლება ირღვევაო.
ლომაიასა და მისნაირ მინისტრებს რატომღაც ავიწყდებათ ან არ იციან, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს მოვალეობა მეტი აქვთ, ვიდრე უფლებები. როცა მოსწავლე ან სტუდენტი გაკვეთილზე ან ლექციაზე უდისციპლინო მოქმედებით ხელს უშლის მასწავლებელს თავისი მოვალეობის შესრულებაში, ამით უხეშად არღვევს დანარჩენი ჯგუფელების სწავლისა და ცოდნის მიღების უფლებებს. უფლებების ამდენმა დაცვამ ისე გაატუტუცა და გაათავხედა ახალგაზრდები, რომ პროფესორ–მასწავლებლებს უკვე თავის ნებას კარნახობენ. ამის ბრალია, რომ კატასტროფულად დაეცა სწავლის დონე და მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მონაცემების თანახმად, საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი აუტსაიდერთა შორისაა. დასამალი არ არის რომ, დღევანდელ ახალგაზრდობაში შეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონე გვარიანად მოიკოჭლებს. სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ერთ საინტერესო შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ჩემმა ორმა მეგობარმა, საქვეყნოდ ცნობილმა ორმა რექტორმა მიამბო: 1990-იანი წლებია. იტალიაში, კომოს ტბაზე, იუნესკოს ეგიდით ტარდებოდა განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ჩვენც ვიყავით მიწვეულებიო.
“კონფერენცია შესანიშნავად იყო ორგანიზებული. სასტუმრო, კვება, პერსონალური მანქანა, ბენზინის ტალონები და ათასი წვრილმანი უმაღლეს დონეზე იყო უზრუნველყოფილი. ერთ დღეს რომის მონახულება გადავწყვიტეთ და გეზიც იქით ავიღეთ. გზაში მცირე ინციდენტი შეგვემთხვა, შემხვედრ მანქანას ოდნავ გავკარით, ისე, რომ მისთვის, ფაქტობრივად, არაფერი დაგვიზიანებია, მაგრამ მომხდარმა გუნება ძალიან გაგვიფუჭა და მანქანის მძღოლთან საკითხის გარკვევას ვცდილობდით. ჩვენი გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ გზის ორივე მხარეს რამდენიმე მანქანა გაჩერდა და მათში მსხდომნი ჩვენ გვიყურებდნენ. ისედაც გუნებაგაფუჭებულებს, მათი ქცევა ცოტა უცნაურად მოგვეჩვენა და ვანიშნეთ, გზა განეგრძოთ, ამ საგზაო შემთხვევას კი თვითონვე მოვაგვარებდით. ამაზე ახლა უკვე თვითონ გაკვირვებულებმა გვიპასუხეს:
ეს როგორ, ჩვენ ხომ ამ მომენტს შევესწარით და როგორ შეიძლება შემთხვევის ადგილიდან წავიდეთ, სანამ კარაბინერებს ყველაფერს არ მოვუყვებით სიმართლის დასადგენადო”. აი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, აი შეგნება, რომლისგანაც ისე ვართ დაშორებული, როგორც ცა და დედამიწა. აი ასეთი ღირებულებები მინდა ევროპისაგან და არა ზემოჩამოთვლილი უზნეო სიმახინჯეები, რომლებსაც ოპერატიულად ვითვისებთ.
ჩვენთან კი რა ხდება? შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 დამნაშავიდან და უამრავი თვითმხილველიდან სიმართლეს თითქმის არავინ ამბობს, “ქურდულ ვარიანტს აწვებიან” და დახმარების ნაცვლად გამოძიებას ხელს უშლიან. ამიტომ, ახალგაზრდობის ასეთი მენტალობის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცების საქმეში მეტი სიმკაცრეა საჭირო. რა კეთილშობილური მიზნითაც არ უნდა იყოს გაკეთებული, შეცდომაა ლექციებზე სტუდენტების თავისუფალი დასწრების შემოღება.
პირდაპირ ვაცხადებ: თუ სტუდენტს არ ეშინია, რომ არ ისწავლის და ნიშანს მაინც დაუწერენ, არასოდეს მოჰკიდებს წიგნს ხელს. თუ სტუდენტმა იცის, რომ ლექციას გააცდენს და ამისათვის პასუხს არავინ მოსთხოვს, ის არასოდეს დაესწრება ლექციებს. ნაცმოძრაობისდროინდელმა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ ქართველი კაცისათვის მიუღებელი მახინჯი მეთოდები დანერგა განათლების სფეროში. თურმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდამ ადგილი არ უნდა დაუთმოს ორსულს ან მოხუცებულს, რადგან ბილეთი აძლევს იმის უფლებას, რომ დასაჯდომი ადგილი მისია. კი მაგრამ, ის ორსული ან მოხუცებული უბილეთო მგზავრია? კრიტიკას ვერ უძლებს სტუდენტი ახალგაზრდობის ე.წ. თავისუფალი ჩაცმის სტილი. ამ მხრივ განსაკუთრებით გოგონები გამოირჩევიან, ისე გამომწვევად იცვამენ, კაცს ძალაუნებურად თვალი გაგექცევა მათი სხეულის მოშიშვლებული ადგილებისკენ. ჯერ იყო და, კაბა შარვლით შეცვალეს, ახლა შარვალი _ შორტით, მაგრამ ამას შორტიც აღარ ჰქვია, ისეთი მოკლეა, ლამის ბიკინის დონეზეა დაყვანილი.
მალე, ალბათ, ამასაც გაიხდიან და დავეშვებით ლეღვის ფოთოლმიფარებული პირველყოფილი ადამიანის დონეზე. და დადიან ასე უნივერსიტეტების დერეფან-აუდიტორიებში ნაწნავებგადაგრეხილი და საყურეებჩამოკიდებული, გაბურძგნულწვერიანი, და გაბანჯგვლულფეხებიანი ბიჭები და შიშველბარძაყიანი გოგონები.
რა ქნან ახლა მათმა ჯგუფელმა ბიჭებმა, ყველა ხომ არ არის ქალთა სქესის მიმართ ინერტული _ ლექციას მოუსმინონ თუ ჯგუფელი გოგონების შიშველ ბარძაყებს უყურონ? იმისათვის, რომ სასწავლო დაწესებულებებში სათანადო სიმაღლეზე იყოს სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინა, აუცილებელია, ყველა უნივერსიტეტმა გაამკაცროს შინა განაწესი, რომელშიც საკმაო დოზით უნდა შევიდეს სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის მორალურ-ზნეობრივი ელემენტები.
ამასთანავე, ყველა უნივერსიტეტს თავისი სპეციალური ფორმა უნდა ჰქონდეს და ყველა სტუდენტს ერთნაირად ეცვას. ამით შესაძლებლობა ეძლევათ, უნივერსიტეტის კედლებს გარეთ თავიანთი ქცევით გახდნენ მშობლიური სასწავლებლის სახე. საკითხებისადმი ასეთი მიდგომა რომ ყოფილიყო, უმოკლეს ხანში ასე კატასტროფულად არ დაირღვეოდა და წარსულის გადმონაშთად არ გადაიქცეოდა ყველა ის ქართული ტრადიციული ღირებულებება, რომლებითაც ასე ვამაყობდით არც თუ ისე დიდი ხნის წინათ. ახლა კი რა ხდება?
დღე არ გავა, განზრახ მკვლელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის, სუიციდისა და ათასი უბედურების მომსწრენი არ ვხდებოდეთ. ეს იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის სინდრომი, შერჩევითი სამართალი და ორმაგი სტანდარტია გამეფებული ქვეყანაში. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ე.წ. ლიბერასტების თეზა “სასჯელის გამკაცრებით დანაშაული არ მცირდება”.
ეს რომ ასე არ არის, დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ვნახოთ სტატისტიკა და ყველაფერი ნათელი იქნება. როგორც კი გამკაცრდა სასჯელი მანქანის ქურდობაზე, შედეგიც მყისვე საგრძნობი შეიქნა _ ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა მანქანის ქურდობა. ეს ნეოლიბერალი ქალები რომ კაბიდან ხტებიან და გაჰყვირიან, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე სასჯელი უნდა გამკაცრდესო (და გაამკაცრეს კიდეც, მგონი), თუ არ ვცდები, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, კაცის მკვლელს სამ ან ოთხ წელს უსჯიან, ვინმე ახუნტრუცუნებულ ქალბატონის გადამღებს კი 11 წელს მიუსჯიან. თუ ვინმეს სჯერა, რომ ასეთი მიდგომით სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთ, ძალიან ცდება.
თუ სასჯელის გამკაცრებით დანაშაული არ მცირდება, მაშინ, თქვე მართლა ლიბერასტებო, რატომ ითხოვთ თქვენ მიერ ჩადენილი უზნეო საქციელის ამსახველი კადრების გამომქვეყნებლისთვის მაქსიმალურ სასჯელს. შე მამაცხონებულო, თუ იცი, რომ შენი უზნეო საქციელი სამარცხვინოა და არ გინდა, ფართო საზოგადოებამ შეიტყოს, მაშინ რატომ აკეთებ ამ უზნეობას?! თუ ვერ იშლი ამ უზნეობას, მაშინ ხელისუფლების უმაღლეს სტრუქტურებში რატომ მიძვრები, წადი და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადექი, კაციშვილი ხმას არ გაგცემს…
საზღვარგარეთიდან თავსმოხვეულმა განათლების სისტემამ გამოათაყვანა, გაატუტუცა და გაათავხედა ახალგაზრდები
ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას საშველი არ დაადგა. არადა, ამას მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მონდომება და პოლიტიკური ნება სჭირდება. სამწუხაროდ, არაპროფესიონალიზმს, ნეპოტიზმსა და გუნდურობის მახინჯ სისტემას ქვეყანაში ისე მყარად აქვს ფესვები გადგმული, რომ, თუ პატრონი არ გყავს, ციდან ვარსკვლავებსაც რომ წყვეტდე, ყურადღებას არავინ მოგაქცევს, განცხადებაზე პასუხს არ გაგცემენ, მიღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხრიდან უყურადღებობის გამო ხალხში უარყოფითი მუხტი იზრდება და მმართველი პარტიის რეიტინგიც თანდათან ეცემა. რა ქნას ივანიშვილმა, მის გარშემო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისეთი ადამიანებია შეკრებილი, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სპეციალურად იქცევიან ისე, რომ ივანიშვილი ხალხს შეაძულონ. აბა, ქალაქის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე სამი წლის განმავლობაში მის სახელზე გაგზავნილი ხუთი წერილიდან არც ერთზე რომ არ გიპასუხებს, ამას რა ჰქვია?! ხელისუფლების მთავარი შეცდომა არის ის, რომ ქვეყნის დამაქცევარი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობა პოლიტიკურად არ შეაფასა და ამით გათამამებული ახლა ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა, დაბრუნებულები არ არიან?! თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება ნაციონალებითაა სავსე, ყველგან ისინი არიან დასაქმებული და მერე უკვირს ხელისუფლებას, მათი სტრუქტურებიდან გასული ინფორმაცია როგორ ხვდება ოპოზიციის ხელში. ნიკუტა გვარამია ინფორმაციას რომ გაავრცელებს და დააყოლებს: ჩვენმა სარწმუნო წყარომ სამინისტროდან მომაწოდაო, ამან ხელისუფლება არ უნდა დააფიქროს?
განათლების სამინისტრო ნაციონალებით რომ არის გადავსებული და იქ არაფერი შეცვლილა, არახალია. ის კი არა, ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების ყოფილმა მინისტრმა, მამალი ნაციონალი, ლომაიას მარჯვენა ხელი, კანცელარიისა და აპარატის ყოფილი უფროსი ირინა აბულაძე თავის მოადგილედაც კი დანიშნა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქალბატონი ირინა აბულაძე ავადსახსენებელი ნაციონალებიდან ერთ-ერთი ნორმალური პიროვნებაა, რომელსაც რაღაც ადამიანური თვისებები ნამდვილად აქვს შერჩენილი, რასაც ვერ ვიტყვით ლომაიას კიდევ უფრო ახლობელსა და ნდობით აღჭურვილ პირზე _ თამარ კაკუტიაზე, რომელზეც რამდენიმე წერილიც მაქვს გამოქვეყნებული, მაგრამ რა, წერე და იკითხე, განმკითხავი არავინაა. ეს ქალბატონი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩიქორთული ქართულით მოსაუბრე პიროვნებაა. ქალი, რომელსაც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია თანამდებობა ბოროტად გამოიყენოს. მან მასწავლებლისთვის ჩამოწერილი სკამებისა და მაგიდების თხოვებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლა რესპუბლიკის ყველაზე დიდი კოლეჯის თექვსმეტი წლის დირექტორობის სტაჟის მქონე პროფესორი და შემოსავლის გარეშე დატოვა უმუშევარ მეუღლესა და შშმ შვილთან ერთად. მართალია, ეს ქალბატონი ბატონმა გია ნოდიამ გააგდო სამსახურიდან, მაგრამ თავისი დაქალების _ ჩიორა თაქთაქიშვილის, მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის _ მფარველობითა და ხელშეწყობით ახლაც დიდი გავლენა აქვს სამინისტროში. თამარ კაკუტიას ახლა თურმე დისერტაციაც დაუცვია და პროფესორობისთვისაც გამოუკრია ხელი. აი ასეთი პროფესორები რომ მომრავლდნენ ქვეყანაში და საკუთარი საზომით უდგებიან სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, იმიტომაა, რომ ზნეობისგან დაცლილი ახალგაზრდები გვეზრდებიან. ასეთი პროფესორები რომ მოგვიმრავლდნენ, ამის ბრალია, რომ მათი აღზრდილი ახალგაზრდებიდან ბევრი გაუკუღმართებულად მსჯელობს და სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევა. ახლა იმ ინსპექტორსაც უნდა შევეხო, რომელმაც ქალბატონ კაკუტიას დავალება ბრწყინვალედ შეასრულა და “ქვეყნის დამაქცევარი” დარღვევები აღმომიჩინა კოლეჯში. ეს არის ყბადაღებული ინსპექტორი, რომელმაც თავი გაითქვა ზუგდიდის სკოლის შემოწმებისას მისი დირექტორის, ქალბატონ ია კერძაიას მიმართ ჩადენილი საგმირო საქმეებით. ბატონი ნოდარ წამალაშვილი არაპროფესიონალიზმით ძალიან ჰგავს ქალბატონ კაკუტიას. ეს კაცი, რომელიც თითქმის ოცი წელია, მუშაობს სასწავლო დაწესებულებების მაკონტროლებელ ორგანოში, სასწავლო პროცესის ელემენტარულ საკითხებში იმ დონეზეც ვერ ერკვევა, რომ თავისი არაკომპეტენტურობა დამალოს. მან შემოწმების აქტში, არსებითი ნაკლოვანებების ნაცვლად, ჩაწერა, _ სკოლაში ტუალეტი არ იყო ჩარეცხილიო. აი ასეთ მაკონტროლებელს რა უნდა ელაპარაკო? ასეთი არაპროფესიონალი მუშაკების სამინისტროში მუშაობა, თანაც მაკონტროლებელ ორგანოში, განათლების სამინისტროს სირცხვილია.
ომარ გოცაძე,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი