“კვეჟოვიჩი” ისევ დააკავეს… – კალაშოვი თურქეთში ახალ “კლანს” ქმნის?!

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, იარაღის უკანონოდ ფლობისთვის თურქეთში უკვე მეორედ დააკავეს კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ ცნობილი ქართველი “კანონიერი ქურდი” გურამ ჩიხლაძე, იგივე “კვეჟოვიჩი”, რომელიც როგორც ამბობენ, ერთ-ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფების – “ონიანი-ჯანგველაძის” კლანის კონფლიქტშია ჩართული.

 


ახალი კონფლიქტის მიზეზად შაქრო კალაშოვის გადაწყვეტილება სახელდება. ამ უკანასკნელს სურს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე საკუთარი “ქურდული წრე” შექმნას.

ცნობილია ისიც, რომ ამ იდეის ხორცშესხმის მთავარი მონაწილე და განმახორციელებელი სწორედ “კვეჟოვიჩია”. ამბობენ, რომ “გულის” სიკვდილის შემდეგ, სალიფოვის მხარდამჭერების
დაკარგული სიმამაცე ჩიხლაძეს ერგო. იმასაც ამბობენ , რომ “კვეჟოვიჩის” გარდა, კალაშოვს მხარს უჭერენ სხვა ქუთაისელი “კრიმინალური ავტორიტეტები”, რომლებიც ახლა ონიანის კლანში არიან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც კალაშოვის ირგვლივ იქმნება, ხელს უშლიან მერაბ ჯანგველაძე და მისი მხარდამჭერებიც.

როგორც ჩანს, ჩიხლაძე ნადირ სალიფოვის მკვლელობის გამო შექმნილი ვითარებიდან უვნებელი გამოვიდა. ახლა მის ავტორიტეტში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა სალიფოვმა, რომელიც კრიმინალური სამყაროს პირველ პირად ითვლებოდა, გასულ წელს გურამ ჩიხლაძის, იგივე “კვეჟოვიჩის”, ბადრი კოღუაშვილისა და “კვატიას” შესახებ განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ “ქურდები”. სალიფოვს კი ეს გადაწყვეტილება ვერავინ გაუპროტესტა.

სალიფოვის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ ბევრმა “კანონიერმა ქურდმა” დაკარგა ის გავლენა, რაც “გულის” სიცოცხლეში ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი არის ვაჟა ბიგანიშვილი.

Прайм Крайм-ის წყაროს ცნობით, ყველა მოვლენა, რაც კრიმინალურ სამყაროში ნადირ სალიფოვის გარდაცვალებას მოჰყვა, კალაშოვსა და მერაბ ჯანგველაძეს შორის უხილავი დაპირისპირების შედეგია, რომელიც სავარაუდოდ მალე დიდ და ღია კონფლიქტში გადაიზრდება. ამასთანავე, კრიმინალური სამყაროს წევრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ჯანგველაძის კლანის წევრები არ აღიარებენ ერევანში ჩატარებულ “სხოდკას” და ამ შეკრებაზე “მონათლულ” ახალ ე.წ. კანონიერ ქურდებს, რაც შედარებით უფრო ლოიალური “კრიმინალური ავტორიტეტებისთვის” მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯანგველაძის კლანის მკაცრი შეხედულებები არცთუ მართებულია და მიესალმებიან ახალი “კანონიერი ქურდების” “მონათვლას”.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნადირ სალიფოვი მოკლეს, ხოლო პოლიციამ მისი მკვლელი მალევე დააკავა, აღმოჩნდა, რომ მკვლელობის შემდეგ კვალის ასარევად ზეინალოვს მისი თანამზრახველი, მანქანის მძღოლი ამინ ჰამიდლი, რომელიც როვშან ჯანიევის ახლობლებმა მიუჩინეს, უნდა მოეშორებინა. პოლიციის სწრაფი რეაგირების გამო, მან მძღოლის მოკვლა ვეღარ მოასწრო. ამბობენ იმასაც, რომ შეპირებული ჰონორარი ნადირ სალიფოვის მკვლელმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო.

თავდაპირველად ზეინალოვი ამბობდა, რომ მკვლელობა პირადი უთანხმოების გამო ჩაიდინა, თუმცა პროტოკოლის მიღმა ლაპარაკისას აღიარებდა, რომ მას “გულის” მკვლელობა შეუკვეთეს, შემდეგ კი მკვლელობის შემკვეთად ქართველი “კანონიერი ქურდი” “კვეჟოვიჩი” – გურამ ჩიხლაძე უნდა დაესახელებინა.

მოამზადა ნიკა გულუამ

“კვირის პალიტრა”