ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, სუსში დღეს ოპოზიციის ათამდე წარმომადგენელია დაბარებული.
ცოტა ხნის წინ უწყებაში არჩევნების დამკვირვებელი აკაკი გურჯიშვილი მივიდა. მისი თქმით, ის არჩევნების დღეს სამგორის 41-ე უბნის გარე პერიმეტრს აკვირდებოდა.
სუსთან მივიდა საგამოძიებო უწყებაში დაბარებული კიდევ სამი პირის ადვოკატი გიორგი გოგინავა, რომელიც კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძისა და იოანე ქერქაძის ინტერესების დამცველია.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ორგანიზაცია „ანტიკორუფციული საბჭოს“ წარმომადგენლები არიან და საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ. ადვოკატის თქმით, კონკრეტულად რა შეკითხვები ექნებათ გამომძიებლებს, ჯერ მისთვის უცნობია.
5 ნოემბერს გამოკითხვაზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ გააკეთა განცხადება დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავებს მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციებზე გამოძიება დაეწყოთ.
წყარო: ptn.ge