ამერიკის ექსპერტებო და მოქეიფე პურის მჭამელებო, მოეშვით ფუჭ იმედებს – ტრამპმა რომც გაიმარჯვოს, თქვენთვის არ ეცლება!

თუკი მოხდა საოცრება და, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი მაინც გამოცხადდა გამარჯვებულად, ეს საქართველოსთვის არსებითად არაფერს შეცვლის. როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველო “ტრამპისტებო” – რა ძალა უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, რომელსაც მასმედია ასე აბუჩად იგდებს საკუთარ ქვეყანაში და საშუალებას არ აძლევს, პირდაპირ ეთერში თავისუფლად მიმართოს ნაციას, თქვას ის, რასაც ფიქრობს?!

აი, თუ არ გჯერათ, ნახეთ, რა ობსტრუქცია მოუწყეს წამყვანმა ამერიკულმა ტელეკომპანიებმა პრეზიდენტს, რომელიც დიახაც, ჯერ-ჯერობით სახელმწიფოს მეთაურია და, რომც არ ჰქონდეს გამარჯვების შანსი, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე მაინც უნდა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა.

მაშ ასე: სამმა ტელეკომპანიამ ტრამპის პირდაპირი ტრანსლიაცია თვითნებურად შეწყვიტა მას მერე, რაც პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა ქვეყანაში არჩევნებზე მომხდარი თაღლითობის შესახებ. როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ მან “დამაჯერებელ გამარჯვებას” მიაღწია, ხმები რომ კანონიერად ყოფილიყო დათვლილი, ტელეარხმა MSNBC-მ შეწყვიტა პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში ჩვენება (მისი დაწყებიდან 35 წამის შემდეგ). ტელეარხის წამყვანმა ბრაიან უილიამსმა უფლება მისცა თავის თავს, პრეზიდენტის განცხადებებისთვის “სახიფათო” ეწოდებინა. დაახლოებით იმავე შინაარსის კომენტარი გაუკეთა ტრამპის გამოსვლას NBC-ის წამყვანმა ლესტერ ჰოლტმა. ABC-ის წამყვანი დევიდ მიური ასევე ჩაეჭრა ტრანსლაციაში და “ფაქტების შემოწმება” მოითხოვა. CBS-მ ტრამპის გამოსვლის დაწყებიდან 90-ე წამზე შეაჩერა ტრანსლაცია, ხოლო CNBC-ის წამყვანმა შეპარდ სმიტმა ასევე შეწყვიტა პირდაპირი ჩვენება და თან დასძინა, რომ პრეზიდენტის სიტყვები “მეტწილად აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს”.

CNN-მა და Fox News-მა მთლიანად აჩვენეს ტრამპის პრეს-კონფერენცია, მაგრამ ამ ჩვენებისას CNN-მა ეკრანზე შემდეგი შინაარსის წარწერა გამოსახა: “რაიმე მტკიცებულებების გარეშე”. ერთადერთი, Fox News-ის კორესპონდენტმა ჯონ რობერტსმა “დააცალა”ტრამპს გამოსვლის დასრულება, თუმცა მანაც თავისი კომენტარი დაურთო და აღნიშნა, რომ არ არსებობს “არანაირი მტკიცებულება”, რომელიც არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციას დაადასტურებდა (არადა, ეს “ფოქს-ნიუსი” “კონსერვატულ” არხად მიიჩნევა).

ყველა სხვა ტელევიზიასთან ერთად, ტრამპის საყვარელმა Twitter-მაც გათიშა მისი გამოსვლის პირდაპირი ინტერნეტ-ჩვენება.

აი სულ ეს იყო “თქვენი” ტრამპი, პატივცემულო ქართველო კონსერვატორებო, მამულიშვილებო, ამერიკის ექსპერტებო და მოქეიფე პურის მჭამელებო. რაც არ უნდა წართმეული გამარჯვება აღუდგინოს სასამართლო სისტემამ (რისი შანსიც ასევე მცირეა), ცხადია, რომ ტრამპს არც თქვენთვის ეცლება და არც სრულიად ბედკრული საქართველოსთვის. პრეზიდენტი, რომელიც მასმედიას თავისსავე ქვეყანაში აბუჩად ჰყავს აგდებული იმდენად, რომ ხალხთან კომუნიკაციას უშლის, ვერაფერს გააწყობს საგარეო პოლიტიკის არენაზე. ტრამპის პრეზიდენტობის გასული 4 წელი ამერიკის უკან დახევაა ყველა ფრონტზე, ის უკანდახევა, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესებშია (წესით და რიგით), მაგრამ არა გლობალისტების. ამას არ პატიობენ და არ აპატიებენ პრაგმატულ ტრამპს, რომლის პრიორიტეტია ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღება შიგნიდან და არა გაუთავებელი საგარეო ექსპანსიის ხარჯზე. ამ ოთხმა წელიწადმა ვერ მოახდინა გავლენა კონსერვატული იდეოლოგიის გაფურჩქვნაზე მსოფლიოს მასშტაბით, არ შექმნილა არავითარი “კონსერვატული ინტერნაციონალი”, ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და არ ეძებს საერთო ძალებით ბრძოლის გზებს – განსხვავებით ლიბერალური ინტერნაციონალისაგან.

მომავალი 4 წლის მანძილზე, ტრამპმა რომ იპრეზიდენტოს, კიდევ უფრო სუსტი მმართველი და საგარეო პოლიტიკაზე კიდევ უფრო ნაკლებად ორიენტირებული მოღვაწე იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ერთი წელი ვითარების “დალაგებას” და საკადრო საკითხებს მოუნდება, კიდევ ერთი-ორი წელი ეკონომიკის “ამოქაჩვას” დასჭირდება და ბოლო წელიწადი “კოჭლი იხვი” გახდება. შემდეგ კი…

ახლა იმასაც ნუ იფიქრებთ და ნუ შინდებით, ბაიდენი რას იზამს. მისი პრეზიდენტობა ისევე არ შეიტანს არსებითი ხასიათის ცვლილებებს საქართველოსთან მიმართებით, როგორც ტრამპს არ შეჰქონდა. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ გლობალისტებს და დასავლურ ბიუროკრატიას საქართველოსთანა მეორე პლანის ქვეყნები ავტომატურ რეჟიმში აქვთ სამართავად, ეს ბიუროკრატია წყვეტს ბევრ რამეს, უმაღლესი ხელისუფლების ძალიან ზოგადი, უაღრესად ზერელე მითითებების ფონზე. ბაიდენს ზუსტად ისევე არ აინტერესებს ცალკე აღებული საქართველო, როგორც ტრამპს. ტრამპის პრეზიდენტობისას ისევე აფინანსებდა “იუსეიდი” ქართველ პარაზიტ არასამთავრობო სექტორს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსთა ნაწილს, როგორც ბაიდენის პირობებში დააფინანსებს.

რა თქმა უნდა, გლობალურ არენაზე გარკვეული ცვლილებები იქნება – პირველ რიგში, განახლდება დიალოგი აშშ-სა და ევროპას შორის, შესაძლოა, რუსეთის მიმართ (გამომდინარე ბაიდენის კორუფციული ინტერესებიდან უკრაინაში) ცოტა უფრო ხისტი გახდეს დიპლომატიური ლექსიკა, მაგრამ ეს არ იქნება არსებითი ხასიათის ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის არსებითი.

 

გულბაათ რცხილაძე