ერეკლეს დროს გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები…დღეს რა გვაქვს?- ამბროსი გრიშიკაშვილი

ამბროსი გრიშიკაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ვითომ რომ არა ერეკლე, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ვერ შემოვიდოდა?! მხოლოდ ერეკლეს სურვილმა განაპირობა ეს?! ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ვახტანგს უფრო მეტად არ სურდა რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა?! და უფრო ადრე, ქართველ მეფეებს. სხვაგან, სადაც რუსეთი შევიდა, ყველაგან მიიპატიჟეს და ტრაქტატები დაუდეს?!
მაგრამ ერეკლეს დროს რუსეთი მომძლავრებული იყო და წლების ამბავი იყო მისი საქართველოში შემოსვლა. ერეკლემ ჩანს, იყნოსა პოლიტიკური სიტუაციის ცვლილება და ,,ჩათრევას ჩაყოლა” ამჯობინა. ფიქრობდა ამ გზით გადაერჩინა ქვეყანა და სამეფო ტახტი, რადგან ხედავდა როგორ ილესავდნენ კბილებს მეზობლები: სპარსეთი და თურქეთი. თუმცა საბოლოო შედეგით ეს ჩაყოლა ბევრით არ განსხვავდებოდა ჩათრევისაგან, მაგრამ ეს უკვე ერეკლეს ბრალი არ იყო, ეს უფრო რუსეთის ცბიერი პოლიტიკის შედეგი გახლდათ.
აქვე ერთი სამწუხარო დაკვირვება: ერეკლეს დროს საქართველოში გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განახლდა ზარაფხანა,იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები.
დღეს რომ ამდენი ქარხანაც არა გვაქვს?! ?
დღეს დიდი მეფის საიბილეო თარიღია: დაბადებიდან 300 წლისთავი. გილოცავთ!
P.S. სიცოცხლის ბოლოს ავადმყოფ ერეკლეს ექიმმა ქათმის ბულიონი გამოუწერა, მოგაღონიერებსო. ერეკლემ უარი თქვა ხორცის შეჭმაზე, ხალხი შიმშილობს და ხორცი ვჭამოო. დარეჯანმა იეშმაკა: ქათამი მოუხარშა და მისი წვნიანი მიართვა.
„ვერ გაიგეთა, ქართველნო? შაგეხსნათ რკინის კარია, აღარ გყავთ ნეფე ერეკლე, არც მისი საომარია, დამდგარა ბაირახები, აღარ ჭეხს ზარბაზანია!”