აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
„ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს კანონის ყველა ასპექტის დაცვით, რათა ამერიკელ ხალხს ჩვენი მთავრობისადმი ნდობა ჰქონდეს. მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხმების დათვლასთან დაკავშირებით ამერიკელი ხალხი სრულ გამჭვირვალობას იმსახურებს.
„თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა კანონიერი ბიულეტენი უნდა ჩაითვალოს, ხოლო უკანონო ბიულეტენი არ უნდა იქნეს მიღებული, მაგრამ „დემოკრატები“ ამ ძირითად პრინციპს ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგებოდნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტელეკომპანია CNN-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 213 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს – 253. ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს არიზონის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და პენსილვანიის შტატებში.