ეპიდსიტუაციის მიხედვით, შესაძლებელია, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სხვაგვარად პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება.
„რა გადაწყვეტილებებიც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს პროცესი არ გაჩერდება. ეპიდსიტუაციის მიხედვით, შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს იმიტომ, რომ სამწუხაროდ, სხვანაირად ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არაევროპული ქვეყნები, რომლებმაც უკვე გაიარეს პირველი ტალღა და გარკვეულად არიან მეორე ტალღის პიკში. უნდა შევეცადოთ, რომ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველო გამოვიდეს მინიმალური დაზიანებით ამ პანდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.