რუსულ რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” («Эхо Москвы») გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი” («Особое мнение»), პროგრამის წამყვან ნინო როსებაშვილთან ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ ისაუბრა.
სრული ვიდეოჩანაწერი:
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის როლი, კონფლიქტის საქართველოზე გავლენა და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:
მაქსიმ შევჩენკო: – ჩვენ ყველა სამხრეთკავკასიურ ქვეყნებთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს – აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, სომხეთთან… ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით ვიტყვი, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პრობლემა მანამდე უნდა გადაწყვიტოს (თუნდაც ქალაქ შუშის აღება), ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტად ჯოზეფ ბაიდენს აირჩევენ, ვიდრე მისი არჩევა ძალაში შევა… საქმე ის არის რომ ჯოზეფ ბაიდენი უკვე ჩაწერილია სომხების მხარდამჭერებში. მას ისე ეჯავრება რეჯეფ ერდოღანი, რომ ვერ წარმოიდგენთ… მაგრამ, თუ ეს პრობლემა გადაწყდება, მაშინ სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობები ყველასთვის გაჩნდება, რაც სარგებელს მოიტანს…
ნინო როსებაშვილი: – რომელი პრობლემის გადაწყვეტა გაქვთ მხედველობაში?
მაქსიმ შევჩენკო: – აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ილჰამ ალიევმა ყარაბაღელ სომხებს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ავტონომია აღუთქვა. ამით მოიხსნება სეპარატიზმის პრობლემა, რითიც რუსეთს აშანტაჟებდნენ, გაიხსნება რკინიგზა სომხეთიდან თურქეთისკენ, ერევანი მოიგებს… სომხეთი რეგიონის ეკონომიკურ პროექტებში ჩაერთვება. რამდენიმე წლის წინათ იყო შემთხვევა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევნის სტადიონზე მივიდა და სომხები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ… მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა. დღეს სრულიად აშკარაა, რომ სომხეთის იზოლაცია სომეხ ხალხს არ სურს, ამ საქმეში როლს გარე ძალები ასრულებენ… დიდი თამაშები მიდის…
ნინო როსებაშვილი: – გარე ძალები? იქნებ ჩამოვთვალოთ, რა გარე ძალებია?
მაქსიმ შევჩენკო: – გარე ძალები არიან ტრანსნაციონალური, გლობალური სპეკულიანტები აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლების სახით. ამერიკის შიგნით არის სერიოზული განხეთქილება. ეს ძალები მსოფლიო მნიშვნელობისაა, ძალიან დიდი გავლენის მქონენი. მათთვის სულ ერთია, სომეხი ხარ, აზერბაიჯანელი თუ ქართველი – თავიანთი თამაშისა და მსოფლიო ბატონობისთვის კავკასიელი მათთვის სახარჯო მასალას წარმოადგენს. თავის დროზე ასეთი მასალის როლს ასრულებდნენ სერბები… მოკლედ, გლობალურ სპეკულიანტებს ადამიანების ბედი, ადამიანების სიცოცხლე სულაც არ ანაღვლებთ.
ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოს მმართველი ელიტები ეშმაკის ნამდვილი მსახურები არიან. მათ დედამიწის ყოველი რეგიონის ომში ჩართვა შეუძლიათ და, ასევე, მათ შეუძლიათ პრობლემის მოგვარება უსასრულოდ გააჭიანურონ. ვთქვათ, იგივე ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემა, რომელიც 30 წელიწადია, გრძელდება. ვერ მოგვარდა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი… არადა, იყო წინადადებები, რომელიც ჰეიდარ ალიევმა ლევონ ტერ-პეტროსიანს შესთავაზა… მაგრამ გარე ძალებმა ჩაშალეს…
საბოლოო ჯამში, თუ ეს ომი იმით დასრულდება, რომ აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიდგენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაშინ, რასაკვირველია, პრობლემა გადაწყდება და რეგიონიც დაწყნარდება… მაგრამ მე ახლა იმის მეშინია, რომ საქართველოში არ მოაწყონ რაღაც არეულობა… უკვე აშკარაა, რომ თბილისში [რაღაც მზადდება] – იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, ჩამოყალიბდება თუ არა მთავრობა, რადგან ბევრი პარტია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მოკლედ, მსოფლიოს ლიდერებს სურთ, რომ კავკასიაში არასტაბილურობის ზონა არსებობდეს: თუ ყარაბაღი არა, მაშინ არასტაბილურობის ზონა საქართველო იქნება”.
მოამზადა სიმონ კილაძემ