„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, კორონავირუსზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ იქნება ნაყიდი, „ამაზე დიდი უბედურება და „კოვიდი“ ამ ქვეყანას ვერ დაემართება“.
„დღეს, სამწუხაროდ ტრადიცია გრძელდება. ჟურნალისტი მეკითხებოდა და იყო ასეთი კითხვები, თქვენ ხალხი არაფრად მიგაჩნიათ, თქვენი მიზნებისთვის „კოვიდის“ პირობებში ხალხი გამოგყავთ. ძალიან მოკლედ და მარტივად ვუთხარი – რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა, რომ „კოვიდით“ დავინფიცირდეთ, მაგრამ დაინფიცირებულ სულს, ნამდვილად დაინფიცირებული სხეული სჯობს. „კოვიდი“, რა თქმა უნდა საფრთხეა, მაგრამ თუ მოხდება, რომ ხელისუფლება შეძლებს, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგოს, ხელისუფლებამ ადამიანებს უთხრას, შენ ამდენი ღირხარ, შენ ამდენს გადაგიხდი და თუ ყველაფერი იქნა ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის მიერ ნაყიდი, ამაზე დიდი უბედურება და „კოვიდი“ ამ ქვეყანას ვერ დაემართება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლიდერებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს:
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.
ასევე ლიდერებმა იმ მსჯავრდებულების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. ამ მოთხოვნების შესასრულებლად მათ ხელისუფლებას დრო საღამოს 8 საათამდე მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ კი მომიტინგეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.