მექსიკის პრეზიდენტი: ბაიდენს გამარჯვებას მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარებისა და ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მივულოცავ

მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარებისა და ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცავს, – ამის შესახებ როიტერსი წერს.

„აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ დაველოდებით ყველა იურიდიული საკითხის მოგვარებას, არ შემიძლია, მივულოცო ერთ ან მეორე კანდიდატს. მინდა დაველოდო, სანამ საარჩევნო პროცესი დასრულდება“ – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.