დავით გარეჯის საქმე – ნახეთ დეტალურად სრული ინფორმაცია!

მაშინ როცა აზერბაიჯანში საომარი ვითარებაა, საქართველოში კი წინასაარჩევნო პერიოდი, სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისთვის, ქვეყნის მთავარი პროკურატურა გამოძიებას იწყებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილი, 446 კილომეტრიდან 294 კილომეტრი, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა. შეუთანხმებელი ნაწილი კი წლების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მოლაპარაკების საგანია. სწორედ 2020 წლის ოქტომბერში დავით გარეჯის “მგრძნობიარე” საკითხი სისხლის სამართლის საქმის წამოწყების საფუძველი გახდა.

დაკავებულები:

აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საქმეზე სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

სასამართლომ 8 ოქტომბერს ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

მათ გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება – კერძოდ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება?

თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, 17 აგვისტოს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ უწყების მიერ ოფიციალური განცხადება კი 29 სექტემბერს გაკეთდა.

პროკურატურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მიღებულ წერილში საუბარია, რომ წლების მანძილზე, დავით გარეჯთან საზღვრის დამდგენი კომისია, სახელმწიფო საზღვრის შეფასებისას, არ იყენებდა რელევანტურ დოკუმენტაციას და იღებდა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს.

რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად 10-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსია

პროკურატურის ვერსიით, დაკავებულებმა აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეათანხმეს და შედეგად, ქვეყანამ 3500-მდე ჰექტარი მიწა დაკარგა.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.

1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს, მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ივერი მელაშვილი და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი, ნატალია ილიჩოვა” – პროკურატურა

პროკურატურის ვერსიით, შეთანხმების პროცესში, კომისიის წევრები 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას არ იყენებდნენ და არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

“ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1:500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს” – პროკურატურა

ბრალდებულების პოზიცია:

დაკავებული ივერი მელაშვილი საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ის აცხადებდა, რომ რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც პროკურატურა ედავება, რეალურად, სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა. მელაშვილის თქმით, 1938 წლის რუკას არგუმენტად აზერბაიჯანს ვერ წარუდგენდნენ, რადგან ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

“ეს რუკა ჩვენმა ექსპერტებმა ნახეს, მოიძიეს ერთერთ ორგანიზაციაში, თავიდან გაგვიხარდა, მაგრამ ისე, როგორც ყველაფერს, ამ რუკასაც ჩაუტარდა ანალიზი. თუ შეადარებთ ამ რუკას სხვა წლების გამოცემებს, დავინახავთ, რომ ერთი და იგივე რუკის ელემენტი, სიტყვაზე გეოდეზიური პუნქტი, რკინიგზა, კვეთა, ხევი, ხრამი, მდინარე არ ემთხვევა, ანუ ცდომილება არის დაახლოებით 240-300 მეტრი. ეს ვერ გამოდგებოდა საზღვრის შესათანხმებლად, არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. ამის არგუმენტად მეორე მხარისთვის წარდგენა არ შეიძლებოდა, მეორე მხარეც მარტივად ჩაატარებდა ექსპერტიზას და აღმოვჩნდებოდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში” – ივერი მელაშვილი.

კომისიის კიდევ ერთი წვერი დაკავებული ნატალია ილიჩოვა ასევე საუბრობდა, რომ აღნიშნული რუკა სახელმწიფოსთვის გამოუსადეგარია.

“რატომ გამოიყენეთ 1938 წლის რუკაო. იმიტომ, რომ ასეთი კანონია, ჩვენ აზერბაიჯანთან ასე მოვილაპარაკეთ. ეს არის უკანასკნელი კანონიერი საველე დოკუმენტი. ახლა დავა იმაზე მიდის, რომ ამ დოკუმენტის წინა დოკუმენტს დაუბრუნდნენ, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის სრულიად გამოუსადეგარია. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მოგვიწევს დაბრუნება 1928 წლის იურიდიულ ბაზაზე. ამის თქმა არ გვინდოდა, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის” – ილიჩოვა

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი?

ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მთავრობის მხრიდან პროვოკაციად აფასებს და ტერიტორიის “გაყიდვის” საკითხს უარყოფს.

“ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ, მივეცით აზერბაიჯანელებს და მათ ამაში ფული გადაგვიხადეს. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს. ბოლოს ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაცვლის ხარჯზე, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ქართველს შეეძლო ჩვეულებრივად გარეჯში შესვლა, ლოცვა, თუმცა, ივანიშვილის დროს ეს დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა” – სააკაშვილი

საპატრიარქოს პოზიცია:

დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა. საპატრიაქროს განცხადებით, საქართველოს ეკლესია არაერთი წელია, მკვეთრ პოზიციას გამოთქვამს, საქართველოს საზღვრებისა და ქართული მონასტრების ბედის თაობაზე. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სადემარკაციო კომისიას არაერთხელ მიუთითეს 1938 წლის რუკის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებებისა და რუკების, კერძოდ, 1938 წლის რუკის, შესახებ ეკლესია წლებია მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივად იყო ხელმოწერილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიერ, საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ რუკას გულისხმობს.

ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.

შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

დღეს კი დადგინდა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა” – საპატრიარქო

პოლიტიკური შეფასებები

ოპოზიციური პარტიები კი დავით გარეჯის საკითხის გააქტიურებას, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება წინასაარჩევნო პიარია.

“თავიდან ბოლომდე ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა, რაშიც პროკურატურა ხშირად მონაწილეობს. თვალწინ მიდგას შოთაძე, როგორ იძლევა ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუ როგორ ავალებდა ამ ბოდვებს ივანიშვილი. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენს რეგიონში მიდის ომი და ნებისმიერი ქმედება ან არასწორი გამოხედვაც კი, შეიძლება, იყოს აღქმული, როგორც მხარის დაკავება, რაც კატასტროფულად არ შეიძლება და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს” – უგულავა

პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრი ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირიპირებაზე მნიშვნელოვანი, ქვეყნის ინტერესებია.

“დავით გარეჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესები მეტია, ვიდრე ივანიშვილი და სააკაშვილი, მათი დაპირისპირება და რომელიმე მათგანის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი” – ფიქრია ჩიხრაძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აზერბაიჯანის საომარ რეჟიმში, მსგავს ქმედებებს ანტისახელმწიფოებრივად აფასებს.

“ხელისუფლებავ! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა. საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით” – ბერძენიშვილი

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მკვეთრია საკუთარ პოზიციებში. მდინარაძე აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებს 1938 წლის რუკა დამალული ჰქონდათ და ფაქტს, სამშობლოს გაყიდვად აფასებს.

“თურმე, მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი – 1938 წლის რუქა, სადღაც ჰქონიათ შეტენილი და მალავდნენ იმისათვის, რომ საქართველოს საზღვარი საქართველოს საზიანოდ დადგენილიყო. თუკი სამშობლოს გაყიდვაზეა საუბარი, ამაზე კლასიკური მაგალითი, ალბათ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, იმის შემდეგ, რაც 2008 წლის ომის რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, ნანახი არ მაქვს” – მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი მოუწოდებს, ყველა პოლიტიკურ ძალად თავი შეიკავონ საკითხის პოლიტიზირებისა და სპეკულაციებისგან.

“საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი.

ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რაც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები რომლებიც უკვე გავუზიარეთ აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მინდა მოვუწოდო ყველას არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება” – განაცხადა გახარიამ.

წყარო: ptn.ge