გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას 4-პუნქტიანი შეთანხმების პროექტს სთავაზობს

შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს… – ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.

შესაძლო შეთანხმების პროექტი:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:

1. მშვიდობიანად ვასრულებთ საარჩევნო პროცესს.

2. პარლამენტის პირველივე სესიაზე იქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნების მომზადებასთან, მის მიმდინარეობასთან და ხმის დათვლასთან დაკავშირებით.

3. ცესკოს თავმჯდომარეს უჩერდება უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

4. ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, განთავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან შესაბამისი თავდებობის, ან გირაოს გამოყენებით, გარდა მძიმე დანაშაულისა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი).

ვთანხმდებით, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ რაოდენობის და ხარისხის დარღვევები, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, პარლამენტი, საერთო თანხმობით, დაიშლება და გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები.

ხელმომწერები:

ქართული ოცნება 48%

ოპოზიცია ……… 52%” – წერს გია ხუხაშვილი.

წყარო: ptn.ge