მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ კორონავირუსზე PCR-ტესტის პასუხები ნახევარზე მეტ შემთხვევაში ცრუა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის გამოსავლენმა PCR–ტესტებმა ცრუდ უარყოფითი შედეგების მაღალი პროცენტი გამოავლინა, ნათქვამია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში, რომელიც ჟურნალ Clinical Infectious Diseases–შია გამოქვეყნებული. აღნიშნულ კველვას სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა.
მეცნიერების თქმით, იმის გამო, რომ PCR–ტესტები ნახევარზე მეტ შემთხვევაში ცდება, დიაგნოზის დასასმელად ალტერნატიული მეთოდების ძებნაა აუცილებელი. სწავლულები ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასასმელად ექიმებმა უპირველესად ფილტვების დაზიანების ხასიათი და სიმპტომები უნდა გაითვალისწინონ.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა 3,5 ათასი დაავადებული შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ მათ ნახევარს ლაბორტორიული ტესტით ჰქონდა დადასტურებული ვირუსის არსებობა, ხოლო დანარჩენების პასუხები უარყოფითი იყო. თუმცა მათ ასევე აღენიშნებოდათ სპეციფიკური სიმპტომები, ხოლო ფილტვების მდგომარეობა COVID-19–ზე მეტყველებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სიმპტომატიკასა და ინფექციური პროცესის სირთულეში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტესტირების პასუხებზე დაყრდნობა გამართლებული არ არის — დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე უნდა დაისვას.
„ქვეყნების უმრავლესობაში სტატისტიკა არ ითვალისწინებს ადამიანებს, რომლებსაც COVID-19 ლაბორატორიულად არ დაუდასტურდათ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ან COVID-19–ით დაიღუპნენ, მნიშვნელოვნად მეტია“, — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი დანიილ მუნბლიტი.
მანამდე ტესტების არასანდოობის საკითხზე ისაუბრა უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმაც, რომლის თქმითაც კორონავირუსის მკაფიოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანებს ტესტები ხშირად უარყოფით პასუხს აძლევს. ამასთან არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს ინფექციის არანაირი გამოვლინება არ აღენიშნება, თუმცა ერთი ლაბორატორიის ტესტი ანტისხეულების მაღალ დონეს აჩვენებს, მეორე ლაბორატორიისა – ნულოვანს.
“სპუტნიკ-ჯორჯია”