მექსიკის პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ მექსიკა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს მხოლოდ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცავს

მექსიკის პრეზიდენტმა, მანუელ ლოპეს ობრადორმა კვლავ განაცხადა, რომ მექსიკა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცავს.

 

„მსურს მექსიკელ ხალხს შევატყობინო, რომ რაც შეეხება ჩვენი მთავრობის პოზიციას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ დაველოდებით საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელი ორგანოების გადაწყვეტილებას, თუ ვინ არის გამარჯვებული. უგუნურად ვერ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

მექსიკის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მექსიკამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის ხალხის არჩევანს.

„ჩვენ გონივრულად ვმოქმედებთ, დროთა განმავლობში გვეცოდინება, ვინ იქნება აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი და მასთან ურთიერთობებს დავამყარებთ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი არ იქნება“, – დასძინა მექსიკის პრეზიდენტმა.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.