რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთში, ერასხის დასახლებული პუნქტის მახლობლად რუსული ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა, როდესაც მას პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის კოლონის თანხლებით სომხეთის საჰაერო სივრცეში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიფრინავდა.
„სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და სომხეთის ტერიტორიაზე, მთიან მხარეში ჩამოვარდა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ რუსული ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეცდომა იმის გამო მოხდა, რომ ვერტმფრენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიფრინავდა მაშინ, როდესაც არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. მათივე თქმით, ვერტმფრენი საღამოს, სიბნელეში დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და საჰაერო თავდაცვამ სარადარო ზონაში ვერ დააფიქსირა.
„აზერბაიჯანი ბოდიშს უხდის რუსეთის ფედერაციას ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელიც შემთხვევითობის ხასიათს ატარებს და რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგოდ არ იყო მიმართული“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანულმა მხარემ სამძიმარი გამოუცხადა ეკიპაჟის დაღუპული წევრების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.