აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინს რუსეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაღუპულების გამო მიუსამძიმრა და ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო მოუბოდიშა.
მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, დაღუპული და დაშავებული პილოტების ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს.
სატელეფონო საუბრისას ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება მიმდინარეობს. მისი მტკიცებით, ყველა დამნაშავე დაისჯება და ამის შესახებ რუსულ მხარეს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ილჰამ ალიევს სატელეფონო ზარისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტები მიუღებელია.