აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.
„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ – წერს იან კელი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.