პარლამენტთან აქციის მონაწილე პოლიტიკოსები და აქტივისტები დაჯარიმდნენ

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირზე მყოფმა მომიტინგეებმა აღნიშნულ რეგულაციას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. დაჯარიმდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები.

სამართალდამცველებმა საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც „იმედთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დაჯარიმებულები აცხადებენ, რომ 2000-ლარიან ჯარიმებს გაასაჩივრებენ.

მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც არღვევენ დადგენილ რეგულაციებს და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ- ფიზიკურ პირებს 2000-ლარიანი ჯარიმის სახით, ხოლო 10 000 ლარით იურიდიულ პირებებს. შსს-მ მოქალაქეებს მოუწოდა, დაემორჩილონ რეგულაციებს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეთა და ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი დილამდე დარჩა. სამართალდამცველებმა, რომლებიც პარლამენტის ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებულები, შენობა გვიან ღამით დატოვეს.

ოპოზიცია შაბათს კვლავ პარლამენტის შენობასთან აანონსებს მასშტაბურ აქციას. როგორც გუშინ გამართულ აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, ბრძოლა არ შენელდება, არ შეწყდება და გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

 

“იმედინიუსი”