თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულ წარმატებას. ამერიკელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. მტკიცედ ვართ განწყობილი, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის წერილში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. 9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.