სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პირველ განმარტებას აკეთებს, მას შემდეგ რაც პუტინი-ალიევი-ფაშინიანის შეთანხმებას ერევანში არეულობა მოჰყვა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტას არმია ითხოვდა, რადგან სამხედრო რესურსები სრულად ეფექტური არ იყო. ჯარისკაცების ნაწილს ფრონტის ხაზზე მთელი თვის განმავლობაში არ დაუსვენიათ.
“სამხედრო რესურსი არ იყო სრულად ეფექტური. მათ, ვინც წინა ხაზზე იბრძოდა ვერავინ ენაცვლებოდა, მათ დასვენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ფრონტის ხაზზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მთელი თვის განმავლობაში არ დაუსვენიათ. შედეგად, სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია ომის დასრულება, რაც შეიძლება მალე. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ბევრად უარესი იქნება” – თქვა ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
ფაშინიანის ამ განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა.
ასევე, მომიტინგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს.
კრემლი აქვეყნებს პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ, რომლის მიხედვითაც მხარეები წყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს, ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე და გაცვლიან ტყვეებს. შეთანხმების თანახმად, სომხეთმა ლაჩინის, აღდამის და კელბაჯარის რეგიონები აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.
დოკუმენტი 9 პუნქტისგან შედგება და ერთ-ერთი პუნქტის თანახმად ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.
წყარო: ptn.ge