„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით,  დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენიდან გასული პერიოდის განმავლობაში ორმა მხარემ – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლა.

. ქართველმა პოლიტიკოსებმა მოკავშირე ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან აღარ უნდა ირბინონ და ეხვეწონ მათ ხელმძღვანელობას, დაეხმარონ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებაში, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“–ის გადაცემა „ღამის კურირთან“ ინტერვიუს დროს.

გრიგოლ ვაშაძემ სამშაბათს გაავრცელა მიმართვა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პოლიტიკური პროცესები მოალაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანონ და ქუჩა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნებით შეცვალონ.

პოლიტიკური კრიზისი: მიუსხდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას>>

ვაშაძის თქმით, ამას კატასტროფა შეიძლება ვუწოდოთ, როდესაც პოლიტიკოსები ვიღაცას მიმართავენ დახმარებისთვის იმ მიზეზით, რომ „ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით“.

„თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ასეთია: გაგრძელდეს პროტესტები, რათა მთავრობამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქეების სრულიად კანონიერი აღშფოთება, მაგრამ ასევე მიმართონ პოლიტიკურ შემადგენელს – დიალოგს.

 

„გამოსავალი რა არის აქედან? თურქმენიზაცია ხელისუფლების და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ეს არის, ესე წარმოგვიდგენია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი?“ – აღნიშნა ვაშაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რა იქნება მოლაპარაკებების წარმატებული დასასრული, პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს არის ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს ბრძოლას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ კრიზისებთან და პანდემიასთან.

„წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში სიცივეში, უკვე ყინვაში, ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. მაგრამ ამის ზუსტი რეცეპტი არ მაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

სახალხო დამცველმა ოპოზიციას და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა>>

ის დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და თუ საჭირო გახდება, მზადაა, უმცირესობაში დარჩეს და ყველას დაუპირისპირდეს. პოლიტიკოსს სწამს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილ პერიოდში მხარეებმა ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლეს.

“სპუტნიკი”