საფრანგეთში მცხოვრები ცრუ მღვდელი გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ვიდეოს სათაურით: ბრალი ედებათ ილია II-სა და მის მონა-მორჩილთ საქართველოს პატრიარქზე, სასულიერო პირებზე, მრევლსა და კორონავირუსზე აქვეყნებს.
მანამდე გაგაცნობთ ვიდეოს, რომელშიც მამა დავითი (ქვლივიძე) საუბრობს გიორგი სხილაძის შესახებ. : “ცრუ მღვდელ გიორგი სხილაძის შესახებ”
ცრუ მღვდელ გიორგი სხილაძის წერილს და ვიდეოს უცვლელად გთავაზობთ:
“სამწუხაროდ, საქართველოშიც, დიდსა და პატარას, ხელი დარია ამ ახალმა, მომაკვდინებელმა ვირუსმა და მისგან, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს სიცოცხლე ესწრაფება, ხოლო ათასობით ავადდება.
საყოველთაო ავადობის შემოჭრისას, მნიშვნელობა აქვს გარემოებებს: რომელ ქვეყანაშიც პოლიტიკური ან სამედიცინო კლასი ავტორიტეტულია და ის დროულად იღებს წინათავდაცვის ზომებს და მოქალაქეებს ამისკენ მოუწოდებს, იქ, შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იქ, სადაც ეს ასე არ არის ან სამოქალაქო კულტურა, წესრიგისმოყვარეობა მოიკოჭლებს.
არის, კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ქვეყნის სულიერი წინამძღოლი (ლიდერი), რომლის სიტყვას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ზემომოყვანილ ინსტიტუტებს (ყოველ შემთხვევაში, ჩვენში ასეა). დასაწყისშივე, რა მოვისმინეთ მისგან (იხ. ვიდეო.)
წინამძღვრის ეს მცდარი დამოკიდებულება აიტაცა მისმა მორჩილმა, დაბალმა თუ მაღალმა იერარქიამ, რომლებმაც, ყველამ ერთად, აცდუნეს, შეცდომაში შეიყვანეს, სიფხიზლე მოუდუნეს მათზე ბრმადმინდობილებს; ყალბ თვითდაჯერებულობაში, ჯიუტ ქედმაღლობაში ჩააგდეს, გაათამამეს ისინი.
შედეგად კი მივიღეთ ზემომოყვანილი მდგომარეობა.
იმ დროს, როცა ჩვენი წერილობითი და ვიდეო მიმართვებით საზოგადოებას მოვუწოდებდით გონივრული ზომების მიღებისაკენ და ვცდილობდით, ჩვენც დაგვეცვა ეს, მათგან, ვისაც ღმრთივგამორჩეულობა ფანატიკურად ესმით, ვიღებდით კრიტიკას, განკითხვასა და დაცინვას.
ფრთიან ფრაზად იქცა ერთი მთავარეპისკოპოსის წამოძახილი: ,,სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას?!”. – აღმოჩნდა, რომ მათთან არ ყოფილა ქრისტე (მიუხედავად იმისა, რომ ისინი, მათი წინამძღოლის დარად, ხშირად იმეორებენ: ,,ჩვენთან არს ღმერთი!”), რადგან კორონა, მრევლთან ერთად, სამღვდელოთაც შეეყარათ?!.
იმისგან დამოუკიდებლად, რომ ქრისტე ყველგანაა, იგი გვეუბნება, _ სადაც ორი ან სამი შეიკრიბებით, ჩემი სახელით, მეც თქვენს შორის ვარო. დიახ, ღმერთი ყოველგან არის და ყოველსავეს აღავსებს, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებს იქ, სადაც მას უხმობენ (ეს იგულისხმება ყველგანმყოფობასა და ყველგანარმყოფობაში).
საყოველთაო ჟამიანობისას, ჭირიანობისას, მისგან, ზოგჯერ, წმინდანებიც არ ყოფილან დაზღვეულნი.უსამართლონი ვერ ვიქნებით, რომ ერთ კაცს გადავაბრალოთ თავსდატეხილი უბედურება. თუმცა, ამაში, მის გართულება-გაღრმავებაში, გვერდს ვერ ავუვლით ქართველთა სულიერი მწყემსის მოქმედებას _ უფრო სწორად, უმოქმედობას, მის სიზმრებრივ მითოლოგიურობას, სულიერი ცხოვარის ხორციელ ცხვრად ქცევას (ზომბირებას), რაზეც, ,,რატომღაც”, თითქმის ყველა სდუმს და რასაც, სამღვდელოთაგან და მრევლისგან, არავინ იმჩნევს… თითქოსდა, ერისსაზიანო ქმედებანი აკლდაო, – ეს ბოლოდროინდელი ამბავი კიდევ ერთი ჭუჭყიანი ლაქაა მწყემსის, არაკეთილის, ხანგრძლივ ,,მოღვაწეობაში”, აღვსილში არამცირედი შეცდომით, ცოდვითა და დანაშაულით. მას უძველესი იბერიის უწმინდესი და უნეტარესი საყდარი რაც დიდხანს ეპყრობა (უფალმა მონანული დღეგრძელობა აღირსოს!), გამოცდილებითი ალბათობით, მით მეტ და მეტ უბედურებას მოუტანს ეკლესიასაც, ქვეყანასაც და ხალხსაც, სულიერად, ხორციელად თუ ზნეობრივად.”