ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე ენმ-ს თავმჯდომარის, გრიგლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმიანება.
“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი 2-ზე ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ, იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი 2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული
ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ “ღამის კურიერში” ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განმარტა, რომ მისი სკანდალური განცხადების გაკეთების მოტივი იყო ის, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.
“ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ” – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
არიან თუ არა ამ ეტაპზე ოპოზიციასა და ხელისუფლების წევრებს შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლები, ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკვე ეს აღარ იცის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ აქამდე ყველაფერი მომზადებული იყო.
წყარო: ipress.ge