ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის – კახა კალაძე
“გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა“,- ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კახა კალაძე, საქართველო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში მისი და მისი შვილის სტადიონზე ყოფნასაც ეხმაურება.
„რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა განვმარტო, რომ მე იქ ვიყავი “უეფა”-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.
სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.
ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება.
“უეფა”-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.
უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.
აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.
ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.
ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ“ – წერს კალაძე.
წყარო: ptn.ge