ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.
ლეგენდარული ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე “პრაიმტაიმს” თავის ემოციებს უზიარებს:
“მთელი ღამე არ მიძინია, ისე მტკივა გული. ბიჭებიც მიგვაკლდა. მე ვთვლი, რომ უდიდესი შეცდომა იყო, რომ თავიდან დავითაშვილი არ ათამაშეს. თავიდან თუ არა, მეორე ტაიმში გოლი რომ გავიდა, მაშინვე უნდა შემოეყვანათ. ვერ გავიგე მისი ბოლო წუთებზე შეცვლა რა იყო. ორი ძლიერი მოთამაშე არ ჰყავდა გუნდს. კვარაცხელიას არ ყოლამ, ხომ საერთოდ გული გამიხეთქა.
ჩვენ ჩვენზე სუსტ გუნდს ვერ მოვუგეთ. იმათმა კაცობით გვაჯობეს. მინდორზე კაცები თამაშობდნენ ფეხბურთს. ვენცვალე სულში, მოგება აღნიშნეს! დაამტკიცეს, რომ ალექსანდრე მაკედონელის შთამომავლები არიან.
რაც შეეხება გულშემატკივრებს. უეფამ გარკვეული რაოდენობის დასწრების უფლება მოგვცა. სადაც ამდენი ხალხი ვიკრიბებით მიტინგებზე და სხვადასხვა შეკრებებზე, გარეთ მისული ხალხი არ ჯობდა ტრიბუნაზე ყოფილიყო? იქ მყოფთანაგან ასე ფიქრობდნენ – დავინფიცირებულიყავი და ოღონდაც მინდორზე მეგულშემატკივრაო. ამდენი გულშემატკივარი იყო მისული… მე პოლიტიკოსი არ ვარ, ფეხბურთელი ვარ. ამიტომ ვამბობ, ერთხელ დაგვეშვა შეცდომა, გადაგვეხადა ჯარიმა, ოღონდაც ამ თამაშს გულშემატკივრები დასწრებოდნენ.
60-ათასიან სტადიონზე, ათი ათასი გულშემატკივარი რომ ყოფილიყო, ჩვენს ფეხბურთელებს ცოტათი მაინც მოვეხმარებოდით.
ალბათ, ეს ფეხბურთელები გადავწვით შეძახილებით, მიდით, ლომები ხართ, აბა, მიდით და დიდგორის ბრძოლა გელოდებათ… მართლა ლომები არიან, მაგრამ შემეცოდნენ, ცოდვები არიან ბიჭები. ხშირად არც ჩვენ გამოგვსვლია თამაში, ფეხბურთია… გადაიწვნენ ბიჭები.
გულშემატკივარი მეთორმეტე ფეხბურთელია. ჩვენ ერთი ფეხბურთელი, რაც უფლის ნებით გვაქვს მოპოვებული, მოვიკელით.
უნდა აპატიონ ჯარიმა ყველას. ფეხბურთით “დაავამდყოფებული” კაცია, გუნდის მოგებაზე შეყვარებული კაცია. ცოდოა, რა ჯარიმა?! ფეხბურთზე მისული ადამიანი, რომელიც თამაშს ვერ დაესწრო, რომელიც ისედაც მკვდარია, მისი დაჯარიმება არ შეიძლება. განადგურებულ ადამიანს კიდევ აჯარიმებ? არ შეიძლება.
რამდენი მოგება და წაგება გადამიტანია. ვიცი, რაც არის. არ მიძინია მთელი ღამე, მაგრამ საღი გონებით შევხედოთ. ერის სიხარულისთვის მისული გულშემატკივრის დაჯარიმება არ შეიძლება.”