პენსილვანიის შტატის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის შტაბის სარჩელი დააკმაყოფილა. სარჩელი ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლის დროს დაშვებულ დარღვევებს ეხება. ამის შესახებ გამოცემა inquirer.com იუწყება.
საუბარია იმ ამომრჩევლის ბიულეტენებზე, რომლებმაც საკუთარი ვინაობა არ დაადასტურეს. პენსილვანიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ავთენტურობა არჩევნების შემდეგ 6 დღის ვადაში უნდა დაედასტურებინათ, მაგრამ შტატის სახელმწიფო მდივანმა ეს ვადა 12 ნოემბრამდე გააგრძელა.
სასამართლომ დაადგინა, რომ შტატის მდივნის უფლებამოსილებაში არ შედიოდა დედლაინის გადაწევა. ამის შედეგად „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ხმების ნაწილი დაკარგა, თუმცა აშშ-ის მედია იუწყება, რომ ამ შტატში მაინც ბაიდენი იგებს, ვინაიდან მან ტრამპზე 54 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებზე ჯერ საუბარი ნაადრევია და ის სასამართლოს მეშვეობით შედეგების გაპროტესტებას გეგმავს.