სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლა იქნება

სტრატეგია “აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტიციის სრული ჩამოშლა იქნება. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება არაგონივრული და მავნე გადაწყვეტილებაა.

„როგორც ხედავთ, ქვეყანაში ღრმავდება კორონაკრიზისი, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ამ ფონზე მთავრობა აანონსებს „ლოქდაუნის“ გამოცხადებას. ვნახეთ გიორგი გახარიას განცხადება, ე.წ. პროსამთავრობო ჯანდაცვის სპიკერების განცხადებაც, თითქოს ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს სრული „ლოქდაუნისთვის“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ვითარებაში, სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება იქნება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის სრული ჩამოშლა. აქედან გამოვალთ ბევრად უფრო დაზარალებულები, ვიდრე პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ, როდესაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება მანამდე და ინსტიტუციებიც არ იყო ასე ჩამოშლილი. ეს არის სრული მავნებლობა, თუ ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა დე ფაქტო ხელისუფლებამ, ეს ემსახურება მხოლოდ ორ მიზნას. პირველი ეს არის საპროტესტო მუხტის ჩახშობა და პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გაკეთება. მეორე, ეს არის კოვიდსაფარველის ქვეშ კორუფციული გარიგებების გაგრძელება. ეს არის 2 მიზანი, რისთვისაც მათ სურთ ამ სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება. სხვა გონივრული ახსნა ამას არ აქვს. ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით ამ არაგონივრულ, მავნე გადაწყვეტილებას. ნუ ედრებიან სხვა ქვეყნებს, ეს მდიდარი ქვეყნები არიან, რამდენიმე „ლოქდაუნს“ კიდევ გაუძლებენ, მათ მდიდარი ეკონომიკა, გამართული ჯანდაცვის სისტემა აქვთ, ჩვენ ამას ვერ გადავიტანთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და ჰოსპიტალური სექტორი სრულად ჩამოშლილია.

„ ეკონომიკაში ვიცით რა ხდება, ახლა გვინდა შიმშილით სიკვდილისთვის გავწიროთ მთელი მოსახლეობა? ეს არის მავნებლობა. მოვუწოდებ მთავრობას, მათ ე.წ. სპიკერებს საკოორდინაციო საბჭოდან, რომლებიც იქცნენ პარტიულ დანამატებად, სირცხვილია საკუთარ პროფესიულ ღირსებაზეც ხელი რომ აიღეთ, მორჩით ამ მავნებლობას, საქმეს მიხედეთ. „ლოქდაუნი“ ვერ გამოასწორებს იმას, რასაც ერქვა წინა 7 თვის განმავლობაში უსაქმურობა, თითი-თითზე რომ არ დააკარეთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, მხოლოდ ფულის კეთებაში იყავით ჩართული“, -განაცხადა ჩიხლაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”