სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს

„არსებულ პერიოდში აღინიშნება შემთხვევების მკვეთრი მატება, სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს“, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით საქართველოში უკვე გვყავს, 70000-მდე ინფიცირებული და მათგან დაახლოებით ნახევარზე მეტი განკურნების პროცესშია, მნიშვნლეოვანი ნაწილი კი იმყოფება კლინიკებში. ზრდის ფონზე, ქვეყანა კვლავ არ შესულა პიკის პერიოდში. არსებული შემთხვევები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, უფრო ნაკლებია თითქოს პაციენტთა სიმძიმე“, – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 69681 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 169. გარდაცვლილია 599. კარანტინის რეჟიმშია 2506. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის ოთხი ათას 918. კოვიდსასტუმროებში 3311 პაციენტი მკურნალობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”