განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქმე ეხება პარტია „კანონი და სამართლის“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან – 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან – 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ. – მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა“ – აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნ.ნ.-ის თანმხლებმა გოგონამ – 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
“იმედინიუსი”