ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლა სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის და ექიმებისთვის ლოკდაუნის პირობებში გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფომ პანდემიასთან ბრძოლისათვის რთული გზა აირჩია.
“იმის გამო, რომ ჩვენ არ გამოვაცხადეთ ლოკდაუნი ძირითადი გამოწვევის და დიდი დატვირთვის აღება უწევს თავის თავზე სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს. რომ გამოცხადებულიყო ლოკდაუნი ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია არა იოლი, არამედ ძნელი გზა პანდემიასთან ბრძოლის იმიტომ, რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.
შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ მობილიზება მეტი საწოლების ფონდის, მეტი ექიმების, დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტი რათა ის ხარვეზები, რომლებიც შეინიშნება ეს აღმოიფხვრას,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
“რუსთავი2”