„თქვენი დამსახურებაა, რომ არჩევნებიდან 12 დღეში, ვითომ წელში გამართული ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს“, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას.
ნიკა მელიას თქმით, დიალოგში შესვლა სწორი ნაბიჯია.
„ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ ისინი, რომ არჩევნები არ გააყალბეს, არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ. უახლოეს პერიოდში ჩვენ დავრწმუნდებით რაზე წამოსვლელები არიან რეჟიმის წარმომადგენლები და ამაში დარწმუნდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი მეგობარი ელჩები საქართველოში. ერთი რამ ძალიან მკაფიოდ ვიცოდეთ ყველამ – თუკი ვინმეს რამის ეშინია და რამეზე ცახცახებს, ეს არის რუსთაველის გამზირი და ეს არის ხალხი. ეს ორი პროცესი, ერთი მხრივ, მშვიდობიანი მანიფესტაციები და საპროტესტო აქციები და, მეორე მხრივ, მოლაპარაკება თქვენი სახელით, ერთი პროცესია, უახლოეს დღეებში ჩვენ ამაში დავრწმუნდებით. რეჟიმი საკუთარ თავს არ დაიმარცხებს საკუთარი ნებით, ამაში დარწმუნდება ყველა ელჩი და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. ამის შემდეგ ძალიან მშვიდობიანად, ერთ მშვენიერ დღეს, ეს გამზირი და თავისუფლების მოედანი გაივსება პატრიოტი ადამიანებით და აღარ დაიშლება მანამ, ვიდრე ეს ადამიანები რეჟიმიდან არ წამოვლენ და სახლში არ წავლენ“, – განაცხადა მელიამ.
“ინტერპრესნიუსი”