Wolt-მა კურიერი, რომელმაც მომხმარებელ ქალს პირად ნომერზე მისწერა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ On.ge-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კურიერს მისცეს შანსი, რომ შეცდომა გაეთავისებინა და კომპანიასთან პარტნიორობა ახალი ფურცლიდან დაეწყო, თუმცა ის საკითხს არასერიოზულად მიუდგა.
“მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს” – ამბობს ხიზანიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ პარტნიორი კურიერის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან Facebook-ზე დაწერა, რომ 10-დღიანი შვებულებიდან დაბრუნდა და მაისურზე ჰქონდა იგივე ტექსტი, რაც მისწერა მომხმარებელ ქალს. ხიზანიშვილის თქმით, სამსახურში დაბრუნებამდე კურიერს პირადი მონაცემების შესახებ ონლაინ ტესტირებაც ჩაუტარეს.
“ძალიან ბევრი მიზეზი გავითვალისწინეთ და პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ, თუმცა ამ მიმართულებით არასერიოზულ დამოკიდებულებას ნამდვილად ვერ მივიღებთ, როგორც ნორმას. ამან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ კურიერმა მისი შეცდომა, რაც კანონითაც რეგულირდება, ვგულისხმობ ადამიანის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას, სერიოზულად არ აღიქვა და ამაზე სახუმარო პოსტიც კი დაწერა. ჩვენ პირველ ადგილზე დავაყენეთ მომხმარებლის უსაფრთხოება” – ამბობს ის On.ge-სთან.
28 ოქტომბერს, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ შეკვეთის მიტანის შემდეგ ვოლტის კურიერმა მასთან პირად ნომერზე კომუნიკაცია სცადა. როგორც ქალის მიერ გასაჯაროებულ სქრინში ჩანს, კურიერმა მისწერა – “სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებით”.
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებელთა ნაწილმა კურიერის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა, რადგან მან მის ხელთ არსებული პირადი მონაცემები არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. კრიტიკის შედეგად, Wolt-მა კურიერს მუშაობა ათი დღით შეუზღუდა და განაცხადა, რომ მას ტრენინგსა და ტესტირებას ჩაუტარებს.
მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე მათი რეაქცია უმკაცრესი იქნებოდა, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ კურიერმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მის ქმედებას ისევ ქალს აბრალებდა და მომხმარებლებს “ჩაცმისკენ” მოუწოდებდა.
დღეს კურიერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ 10-დღიანი შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნდა. ამასთან, ფოტოზე აცვია ე.წ. ჰუდი იგივე ტექსტით, რაც მომხმარებელ ქალს გაუზავნა – “სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით”.
წყარო: on.ge